Wednesday, February 20, 2013

ქართული ხალხური საკრავები

ქართული ხალხური საკრავები


საქართველოში ხალხური საკრავების სამი ჯგუფია ცნობილი: ჩასაბერი საკრავები- სალამური (უენო და ენიანი),  გუდასტვირი (აჭარაში ჭიბონი), სოინარი (ლარჭემი); სიმებიანი: ჩამოსაკრავი - ფანდური, ჩონგური, ჩანგი; ხემიანი — ჭუნირი,  ჭიანური; დასარტყამი: დოლი, დიპლიპიტო, დაირა. საქართველოში ასევე გავრცელებული იყო სხვა ხალხთა საკრავები: ქამანჩა, საზი, თარი, ზურნა, დუდუკი(რომელმაც ქართული ოსტატებისაგან სახეცვლილება განიცადა და საქრთველოში დამკვიდრდა)  და სხვ.



ფანდური
ფანდური სამ სიმიანი ჩამოსაკრავი საკრავია, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა კუთხეში, ფანდური ძირითადად სააკომპანიმენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები_საგმირო, სახუმარო და სატრფიალო სიმღერები, შაირები. ფანდურზე სრულდება საცეკვაო სიმღერებიც. ამ “საცეკვაოებს” ცეკვის დროს ახლავს ტაში, რომელიც ხაზს უსვამს რითმს. ცეკვას, ფანდურისა და ტაშის თანხლებით “ტაშფანდურას” ეძახიან.
ფანდური სიმებიანი საკრავია, იგი ეკუთვნის ჩამოსაკრავი ინსტრუმენტების ჯგუფს, რომელსაც ჩონგურიც მიეკუთვნება. ინსტრუმენტი ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარშიც. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კუთხის ფანდურები განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავისი გარეგნული მოყვანილობით. ფანდური შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: სარეზონანსო ნაწილისგან, ტარისა და დამხმარე ნაწილებისგან.
ფანდურის ძირითადი ნაწილებია: კორპუსი, ტარი და დამხმარე ნაწილები. კორპუსი შედგება მუცლისა და ზედა დეკისაგან, ტარი__თავისა და ყელისაგან;დამხმარე ნაწილებია მოქლონები(, ხარაკი, საქცევები, ჯორა  და ღილი. ფანდური გამოთლილია მთლიანი ხისაგან. კორპუსი (მუცელი) სხვადასხვა კუთხის ფანდურებს სხვადასხვაგვარი აქვთ. ტარის თავი ოდნავ გადახრილია უკან ან ნიჟარისებულია. მასზე გაკეთებულია ოთხი ნახვრეტი, სამი სიმების დამჭერი მოქლონებისათვის, ერთი-პატარა თასმისთვის, რომლითაც ფანდურს კედელზე ჰკიდებენ.  ხევსურული ფანდურის კორპუსი ნიჩბისებურია და მასიური, დანარჩენი კუთხეებისა კი _ ნავისებური ან ოვალური, ან მსხლისებრი. ზედა დეკაზე წრიულად ან ოვალურად გაკეთებულია ნახვრეტები. ხევსურულ ფანდურს მეტი ნახვრეტი აქვს, სხვა კუთხეების ფანდურებს_ნაკლები. ფანდურის ყველა ნაწილი ერთი მასალისაგან კეთდება, გარდა ზედა დეკისა, რომელიც  განსხვავებული ხისგან (კერძოდ ფიჭვისა ან ნაძვისგან კეთდება). ფანდურის თითოეული სიმის ბგერათრიგი დიატონურია. ხევსურული ფანდურის დიაპაზონია სექსტა, ხოლო ბარის ფანდურისა_ოქტავა ან ნონა.
ფანდურის ყელი ზემოდან ბრტყელია და ქვემოდან მომრგვალებული, მასზე ამოჭრილია ჭდეები, რომელშიც ხის საქცევებია ჩასმული. მოქლონები (კახურად და ხევსურულად ჩხირები; თუშურად ყურები; მთიულურად და გუდამაყრულად თითები; მოხეურად ჭალები) გაკეთებულია ინსტრუმენტის თავზე. მოქლონებით ყენდება და  იჭიმება სიმები. ხევსურული მოქლონები გრძელი და დიდია.  ზედა ზღურბლი (კახურად ლარების დასაყენებელი; ხევსურულად და ფშაურად პატარა ვაცი; მოხეურად ჭალი) საქცევის ანალოგია, რომელიც ჩასმულია თავისა და ყელის საზღვარზე. სიმები ჩასმულია ზედა ზღურბლის ჭდეებში. საქცევი (თუშრად მალიკები) ჩასმულია ყელის ჭდეებში, ხევსურულ ფანდურს ორი საქცევი აქვს, ხოლო თანამედროვე ხალხურ ფანდურს ზედა  ჩაჭდეული ზედა ზღურბლის შემდეგ  ექვსი. ჯორა(ჯორაკი, კახურად ჯორა; ხევსურულად ვაცი; ფშაურად ჯორი/ვაცი; თუშურად საყენებელი/საწელე; მთიულურად და გუდამაყრულად ჯვარი; მოხეურად ქცევითი ჭალი/სამჭალა) განსაზღვრული ფორმისაა. ჯორას სიმები უჭირავს გარკვეულ სიმაღლეზე ზედა დეკის ზედაპირიდან. კორა (ხევსურულად და ფშაურად კუდი; თუშურად საკუდარი; მოხეურად შესამბელი) ტყავისაა. კორას აკეთებენ იმ შემთხვევაში, როდესაც სიმის სიგრძე საკმარისი არაა. ღილაკი (კახურად ლარების მოსადები) ჩასმულია მუცლის ბოლოში, მასზე მიმაგრებულია სიმები ან კორა. სიმი (ძალა, ალყა, ლარი) სამია, თანაბარი სიგრძისა და სისქის. ფანდურის გვერდები, სახელური, ზეკა და დეკა ხშირად ორნამენტირებულია. სხვადასხვა კუთხის ფანდურების ძირითადი საერთო ნიშანი მათი წყობაა. ფანდურის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. ფანდურის პირველი და მეორე სიმების მიერ გამოცემული ბგერები იძლევა მცირე ტერიციას, მეორე და მესამე სიმების მიერ გამოცემული ბგერები იძლება დიდ სეკუნდას. სხვაგვარი წყობა ჩვენ არ გვხვდება.  ფანდურის თითოეული სიმის ბგერათრიგი დიატონურია. დიაპაზონი დამოკიდებულია საქცევეების რაოდენობაზე. ხევსურული ფანდურის დიაპაზონია სექსტა. დანარჩენი ხალხური ფანდურის დიაპაზონი უფრო მეტია, რამდენადაც მათ საქცევეების რაოდენობა მეტი აქვთ და დიაპაზონი ოქტავაა ან ნონა. მარჯვენა ხელით ხდება აჟღერება ხოლო მარცხენათი სიმებზე თითების დაჭერით ხდება ბგერების სიმაღლის ცვლა. აღსანიშნვია, რომ ხევსურულ ფანდურზე შემსრულებლები სიმებს ოთხი თითით ჩამოკრავენ (უცეროდ). ცნობილია რომ მუსიკალური ინსტრუმენტის ბგერა დამოკიდებულია იმ მასალაზე რომლისგანაც მზადდება საკრავი. მასალად იღებდნენ პირმზითში და მდგარ ხეს, რომელსაც ქარი ხშირად ხვდება. ხევსურეთში გამოიყენება ვერხვი, ბალამწარა, კაკალი, მსხალი, ცაცხვი, იფანი და ღვია. ფშავში გამოიყენება ვერხვი, თუთა, წაბლი, კაკალი, პანტა და ბალამწარა. თუშეთში გამოიყენება, ფურცელი, ცაცხვი, ფიჭვი, წნორი, ვერხვი. ყველაზე კარგ მასალად ითვლებოდა ვერხვი. ფანდურის ყველა ნაწილი კეთდება ერთ მასალისგან, თუმცა  დეკას აკეთებენ განსხვავებული მასალისგან, კერძოდ წიწოვანი მცენარისაგან: ფიჭვის, სოჭის ან ნაძვისაგან. თუმცა საუკეთესოდ ითვლებოდა ბორჯომის ბუნებრივი (ადგილობრივი ჯიშის) ფიჭვის მასალა. გამომშრალ ხეს გააპობენ შუაზე, რისგანაც შემდგომ მზადდება ორი ფანდური, მაგრამ აკეთებენ მხოლოდ ერთს, იყენებენ ხის იმ მხარეს რომელსაც მზე უდგება, ზედა დეკაზე კეთდება სახმო ნახვრეტები. ზედა დეკის გაგანიერებულ ადგილას, ცენტრში ნახვრეტებს ამოწვადნენ გახურებული შანთით. ამის შემდეგ აკეთებენ დამხმარე ნაწილებს. პირველ რიგში მოქლონებს, ჯორას(ვაცს). ჯორა ძალიან მაღალი არ უნდა ყოფილიყო, რადგან დაკვრისას ადვილად წაიქცეოდა. დაბალ ჯორაზე კი სიმები ერთმანეთთან ახლოს იქნება და ადვილი იქნება დაკვრა. ჯორაზე კეთდება ჭდეები სიმების ჩასასმელად. ზედა ზღურბლის სიგანე და ჭდეებს შორის მანძილი ისეთივე უნდა იყოს, როგორც ჯორას ქონდა. როდესაც ფანდურის კორპუსი, სახელური, მოქლონები და ჯორა მზადაა აგებენ სიმებს. სიმების გაბმის შემდეგ იწყება საკრავის შემოწმება. ჯერ ამოწმებენ ზედა დეკაზე სახმო ნახვრეტებს. თუ ხმა სუსტია, ნახვრეტებს კიდევ ამოწვავენ, ან გააგანიერებენ. ამის შემდეგ იწყება საქცევების ჩასმა, საქცევი წარმოადგენს ჩხირს, რომლის სიგანე და სიმაღლე 2-2.5 მმ-ს არ აღემატება. სიგანე დამოკიდებულია ფანდურის ყელის სიგანეზე და დაახლოებით 30 მმ-ია. საქცევების ჩასმის ადგილს წინასწარ არ საზღვრავენ. ჯერ უბრალოდ დააამაგრებენ დასადაც მოუქცევს იქ  ფანდურის ყელის ზედაპირზე ქლიბით ამოიღებენ 1.5-2 მმ სიგანის 1 მმ სიმაღლის ღარებს და ჩაუდგავენ საქცევებს.. ფანდურზე წინად მხოლოდ ნაწლავების სიმები გამოიყენებოდა. სიმები   მზადდებოდა ცხვრის ან თხის წვრილი ნაწლავისგან.
ფანდურის მუცელი ღრუდ არის ამოჭრილი და მთლიანია, ჩონგურისა კი (ხშირად ფანდურიც) ნაწილ-ნაწილ არის აწყობილი და მუცელი ნაწილები შეწებებული აქვს.
 ფანდურის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. I და II სიმების მიერ გამოცემული ბგერები იძლევა მცირე ტერციას, II და III სიმების მიერ გამოცემული ბგერები_დიდ სეკუნდას. ფანდურზე უკრავენ როგორც ქალები ისე კაცებიც. ფანდური ძირითადად სააკომპანემენტო საკრავს წარმოადგენს. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერებიც, საგმირო ლექსები. ფანდურის გარეშე წარმოუდგენელი იყო ყოველგვარი შეკრება ხალხისა - ლხინი, ქორწილი თუ ხატობა.  სრულდებოდა «ბატონებიან» ავადმყოფთან. ფანდური გამოიყენებოდა ხატობა-დღეობაში, სხვადასხვა რიტუალებში. იგი იყო მხიარულების სიმბოლო, სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა ფანდურზე დაკვრა მგლოვიარე ოჯახში.  ოჯახში რომ ვინმე გარდაიცვლებოდა, ფანდურს გადამალავდნენ და წლის ხარჯამდე არ გამოაჩენდნენ. წლის ხარჯზე ოჯახის უფროსი ხელში აიღებდა ფანდურს, ჩამოჰკრავდა თითებს სიმებზე და იმღერებდა: ამით «ლხინი გატეხილი იყო». გადასცემდა ფანდურს სხვას და ამის შემდეგ ამ ოჯახს, მის ნათესავებს უფლება ჰქონდა დაკვრისა და სიმღერისა.  
ხალხურ ფანდურს  6 საქცევი ქონდა(ხევურულს ორი)
  1934 წელს, ცნობილმა ქართველმა ხელოვნებათმცოდნე, კირილ ვაშაკიძემ, რთული  მათემატიკური გათვლების შედეგად წარმოადგინა ფანდურის ახალი სრულყოფილისახე. მან გამოიკვლია 6 დანაყოფიანი ფანდური (ხალხური) და დაუმატა ბემოლი და ძიეზი ნახევარტონები. ამით შექმნა ფანდური პრიმა და ტენორი 12 დანაყოფით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფანდურს. სწორედ ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ქართველ მუსიკოსებს ფანდურზე დაეკრათ არა მხოლოდ სააკოპანემენტო მელოდიები, არამედ სოლო მელოდიებიც.
1-C 
 2-C♯/D♭ 
3- D
4-  D♯/ E♭ 
5-  E
  6-  F 
 7- F♯/G♭  
8- G
9- G♯/A♭
 10- A 
11 A♯/B♭
12- B
ეგრედწოდებული “ჯორაკი” ფანდურზე აუცილებლად მონიშნულ ადგილას დააყენებენ.. ან თუ არ აქვს ფანდურს ჯორაკის მონიშვნა და გინდათ სწორი ჯღერადობა მიიღოთ: სმენით უნდა აიღოთ 12-ე ლადში “ოქტავა” ( ანუ ნებისმიერ სიმზე (ხელდაუდებელი) ჟღერადობა და შემდეგ მეთორმეტე ლადში (თითდადებული) სიმის გამოკვრისას მიღებული ხმა ერთი და იმავე ნოტს უნდა ჰქმნიდეს … (ოქტავით სხვადასხვას)) ..ამის შემდეგ დაიწყეთ აწყობა.

ჩონგური
ჩონგური გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში (სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში). ჩონგურის მუცელი თითის ხისაგან მზადდება. ჩონგური ძირითადად წარმოადგენს სააკომპანემენტო საკრავს. მისი თანხლებით სრულდება სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერები. ჩონგური დგას განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე ფანდური. ეს გამოიხატება არა მარტო კონსტრუქციის სრულყოფაში (სარეზონანსო კორპუსის მოცულობა, დახვეწილობა, კედლების სისქე, სიმების მასალა) და ამასთან დაკავშირებით ტემბრის ხარისხთან, არამედ ჰარმონიულ შესაძლებლობათა სიმდიდრესა ("აკორდთა მარაგის" სიმდიდრე) და დაკვრის ხერხებშიც. ჩონგურის საერთო სიგრძეა_978-1156მმ, ჩონგური, ისევე როგორც ფანდური, შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: კორპუსისაგან, სახელურისა(ტარი) და დამხმარე ნაწილებისაგან. კორპუსი შედგება მუცლისა და ზედა დეკისაგან. ტარი_თავისა( და ყელისაგან,  დამხმარე ნაწილებია მოქლონები, ხარაკი, ჯორა, ღილი . მუცელი შედგება 7-8 ერთმანეთზე მიწებებული 2-3მმ სისქის  თუთის ტკეჩისაგან. განაპირა ტკეჩებზე გაკეთებულია 3-5მმ დიამეტრის 6 სახმო ნახვრეტი. მუცელი დაკრულია 2-3მმ სისქის ფირფიტაზე. ზედა დეკა შედგება სამი ერთმანეთზე მიწებებული ნაწილისაგან. ძირითადი (შუა) ნაწილი გაკეთებულია ნაძვისაგან; მასზე ორივე მხრიდან მიკრულია ნახევარმთვარის ფორმის თითო ფირფიტა, რომელიც დამზადებულია თუთის ხისგან. კორპუსის სიღრმეა 160-170მმ. ტარი გაკეთებულია კაკლის ხისგან. თავზე გაკეთებულია სამი ნახვრეტი მოქლონებისათვის და ერთი_თასმისათვის, რომლითაც ინსტრუმენტს ჰკიდებენ. ყელი ზემოდან ბრტყელია და ქვემოდან მრგვალი. მასზე გაკეთებულია ერთი ნახვრეტი, რომელშიც ჩასმულია ზილის სიმის დამჭერი მოქლონი. სახელურსა და კორპუსს შორის მდებარე შემაერთებელი ნაწილის ქვედა ნაწილი 7 პატარა ტკეჩისგან შედგება, რომლებიც იმავე მასალისგანაა გაკეთებული, რისგანაც მუცლის ტკეჩები.  მუცლის განაპირა ტკეჩებზე გაკეთებულია 3-5 მმ დიამეტრის 6 სახმო ნახვრეტი. ჩონგურს ოთხი სიმი აქვს. მეოთხე ანუ "ზილის" სიმი დაახლოებით 1/3_ით მოკლეა.  გრძელი სიმები ერთი ბოლოთი მიმაგრებულია საკრავის თავზე განლაგებულ ნახვრეტებში ჩასმულ  მოქლონებზე, ხოლო მეორე ბოლო დანარჩენ სიმებთან ერთად ჩონგურის ბოლოზეა მიმაგრებული. ამასთანავე, "ზილის" სიმი მდებარეობს I და II გრძელ სიმებს შორის, ე.ი. მოკლე სიმი ქვემოდან მეორეა. ჩონგურის სიმები მზადდებოდა აბრეშუმის ძაფისაგან. ძაფს გრეხდნენ, სანთელს უსვამდნენ და სიმად ხმარობდნენ. დღეს აბრეშუმის სიმებიანი ჩონგური თითქმის არსად გვხვდება. ჩონგურს რამდენიმე წყობა აქვს. ამასთანავე, სიმღერების ერთი რიგი სრულდება ერთ წყობაში, მეორე__სხვა წყობაში. ერთი სიმღერა ან ინსტრუმენტული ჰანგი სრულდება თავიდან ბოლომდე ერთ წყობაში. ჩონგურის დიაპაზონი თავსდება მე-3 სიმის მიერ გამოცემული (ყველაზე დაბალი) და ზილის სიმის მიერ გამოცემული (ყველაზე მაღალი) ბგერების ფარგლებში. შემსრულებელმა წინასწარ იცის, რომელიც სიმღერა რომელ წყობაში შესრულდება და ამისათვის თვითონვე წინასწარ სათანადოდ მოამზადებს საკრავს. სიმღერა ერთ წყობაში სრულდება. ჩონგურის დიაპაზონი ყველა წყობაში სხვადასხვაა: ოქტავა, სეპტიმა ან ნონა.  ოქტავა, სეპტიმა ან ნონა.
 ზედა ზღურბლი (გურიაში დაბალი ჯორა) ჩასმულია ყელისა და თავის შეერთების ადგილას. მისი სიმაღლე ყელის ზედაპირიდან 2-3 მმ-ია. ჯორა მაღალია, მასზე გაკეთებულია ჭდეები, ჯორა სიმებს იჭერს განსაზღვრულ სიმაღლეზე ყელის ზედაპირიდან, ჯორას აყენებენ სახმო ნახვრეტების ბოლოსთან. დაკვრის დროს მოკლე სიმს არ ეხება მარცხენა ხელის სიმები, აქედან გამომდინარე მისი სიმაღლე არ იცვლება და ერთ გაბმულ ბგერას გამოსცემს.  ბგერა პირველი სიმის მიერ გამოცემული უკიდურესი მაღალი ბგერა მოკლე სიმის მიერ გამოცემული ბგერაა.  ინსტრუმენტის აწყობა სმენით კორექტივს ემყარება. ჩონგურის ზედა დეკა, მუცელი და სახელური სხვადასხვა მასალისგან მზადდება. მუცელი კეთდება თუთის ხისგან, ზედა დეკა კეთდება ნაძვის ხისგან გურიასა და სამეგრელოში, ხოლო ფიჭვისგან აჭარაში. სახელური კეთდება კაკლისგან გურია-სამეგრელოში, ხოლო აჭარაში მასაც ამზადებენ თუთის ხისგან. ჩონგურის  მუცელი შედგება 7-8 ერთმანეთზე მიწებებული ფირფიტისგან (ტკეჩები), , მათი შეწებება წარმოებს სპეციალურად მომზადებული კალაპოტის დახმარებით. მუცლის ქვედა კიდეზე კრავენ ლენტისებურ თხელ ფირფიტას. ინსტრუმენტის ტარი მზადდება კაკლის ხისგან. ტარი მთლიანია და თავზე უკეთდება ოთხი ნახვრეტი, სამი სიმების მოლანებისთვის და ერთი თასმისთვის. ყელზე კეთდება ნახვრეტი ზილის  სიმი მოქლონისთვის. ყელის გასუფთავება ხდება დიდი დანით. შემდეგ კეთდება ზედა დეკა, რომლის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 2 მმ-ს. ზედა დეკის გვერდები სწორია. მარჯვენა და მარცხენა მხრიდან მას აწებებენ ორ თხელ ნახევარმთვარის ფორმის ფირფიტას. ზედა დეკაზე კეთდება ნახვრეტები.  როცა კორპუსი მზადაა, უდგებიან დამხამრე ნაწილების დამზადებას: მოქლონებს, დაბალ და მაღალ ჯორას, ღილს (სიმების მეორე ბოლოების დასამაგრებელი ნაწილი). ჩონგურის ჯორა  უფრო მაღალია ვიდრე ფანდურისა. 

    ჩონგურის დამზადების ტექნიკა უფრო დახვეწილია და უფრო მაღლა დგას ვიდრე ფანდურისა. ჩონგურს გამოღრუებული კორპუსის ნაცვლად თხელი ფირფიტებისშეწებებით მიღებული კორპუსი აქვს (ხშირად ფანდურსაც). ამის გამო შესაძლებელია კორპუსის კედლების მაქსიმალურად გათხელება, მისი "მოღუნვა" ისე, რომ დიდი სარეზონანსო მოცულობა შექმნას. ეს თავის მხრივ, გავლენას ახდენს საკრავის ტემბრზე.  საუკეთესო მოხელეთა გადმოცემით, საკრავის დასამზადებლად: არჩევენ უკოჟრო, "სუფთა" თუთის ხეს, იმ ადგილიდან, სადაც ხშირად უბერავს ქარი. საჩონგურედ უმჯობესია ტოტებშუა მდებარე ხის ნაწილი. ხის მრუდე ტოტებიანი ნაწილი ამ მიზნისათვის უვარგისია. საგანგებოდ მოჭრილ ხის მორს შუაზე გააპობენ, თითოეულს "დედას" უწოდებენ. ორივე გამოსადეგია ჩონგურისათვის. მაგრამ უპირატესობას მზის მხარეზე მხარის მასალას ანიჭებენ. სახლში მოტანილ ამ მასალას მოარიდებენ მზესა და ქარს. მათი შენახვა უმჯობესია სიგრილეში, სადაც უნდა ინახებოდეს 30 დღეს. თუ მასალა კარგად არ გამოშრება, იგი გაიბზარება და შრომა წყალში ჩაცვივდება. "დედა" ასე უნდა დამზადდეს: სატეხით ჯერ გულს ამოუღებენ, ხოწით ამოასუფთავებენ; წინდაწინ მომზადებული აქვთ საგულე, მას წებოთი დაკვრაღა უნდა "დედაზე". ასე რამდენიმე საათი აჩერებენ. შემდეგ ტარზე საქცევის უღელს უკეთებენ. უღლის ფიცარს სახმოდ შუაში ტეხავენ, მერე ლარების გადასაწყობად ჯორას უკეთებენ. ჯორას "ქედზე" 4 ჭდეს ამოჭრიან, რათა მასში ადვილად ჩაჯდეს ლარი. ჩონგურის გულის ფიცარი ფიჭვის უნდა იყოს, რომ წკრიალა ხმა გაიღოს და ზარივით აგუგუნდეს. ჩონგურის ტანი ნაჭრებისაგან, ბჟოლის ხის თხელი შოლტებისაგან შედგება. გვამს ზემოდან დაკრული აქვს "გულის ფიცარი", ხოლო ზემოთ ტარი. ტარი დაყოფილია "საქცევებით". ტარს ბოლოში აქვს სამი საჩხირე, ხოლო ქვემოთ, ტარის დასაწყისთან - ერთი. დანარჩენი ნაწილები: ჯორაკი, ჭდეები და ლარის (აბრეშუმის ძაფი) გამოსაბმელი კინთა ბოლოს უკეთდება, შემდეგ აებმის ლარები, ანუ სიმები. ჩონგური დღევანდელი ფანდურისაგან განირჩევა არა მარტო ტანის აგებულებით და სიმთა რაოდენობით (პირველს აქვს 4 სიმი, მეორეს 3), არამედ შესრულების წესითაც. ჩონგურზე დაკვრა "თითების აყრით" (ამოსმით) სწარმოებს, ფანდურისა კი "ხელჩამოკვრით (ჩამოსმით). ფანდური და ჩონგური ყელიან-მუცლიანი სიმებიანი საკრავის ორ სხვადასხვა ფორმას წარმოადგენენ. ამაზე მეტყველებს პრინციპული მსგავსება მათ შორის, კერძოდ, მსგავსება კონსტრუქციის, ბგერის წარმოებისა და ფუნქციის მხრივ. ფანდურსა და ჩონგურს შორის მსგავსება კონსტრუქციის მხრივ მჟღავნდება პირველ რიგში გარეგნულ ფორმაში: ორივე საკრავი სიმებიანია, ორივეს გამობერილი მუცელი და ვიწრო ტარი აქვს. ბგერათწარმოების ხერხი ერთნაირი აქვთ - სიმებზე თითების ჩამოკვრა (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხერხი ფანდურზე ერთადერთია, ხოლო ჩონგურზე - ძირითადი). ფანდურსა და ჩონგურსშორის მსგავსება მათი დანიშნულების მიხედვით გამოიხატება შემდეგში: 1) ორივე საკრავი ძირითადად სააკომპანემენტოა, სოლო ჰანგებს მასზე წარმოადგენენ მხოლოდ საცეკვაო მელოდიები;  მიგვაჩნია, რომ ჩონგური ფანდურიდან არის წარმოშობილი სამ სიმიან ფანდურზე ზილის დართვით. ჩონგურთა უმეტესობას საქცევი არ აქვს.   ზღურბლიდან   ქვედა  ზილი და ზედა 3 სიმი გადაჭიმულია, 4 ნაჭდევიან ჯორაკზე(ვაცზე).

 სალამური
დღემდე შემორჩენილი სალამურები ორნაირია: უენო და ენიანი. სალამურის ეს ორი სახე ერთმანეთისაგან განსხვავდება მასალით, ფორმით, ბგერათრიგითა დადიაპაზონით.  უენო სალამური წარმოადგენს გრძელ მილს, დაახლოებით 380-400 მმ სიგრძისას, რომელზეც 7-8 თვალი კეთდება. ზოგჯერ თვალი კეთდება მეორე მხარეზეც, საკრავის თავი ოდნავ წაწვეტებულია, თუ საკრავი ხისაა, აჭრელებენ. უენო სალამურის ბგერათრიგი დიატონურია, მოქცეულია ერთ ოქტავაში. ცოტა ძლიერი ჩაბერვით სალამურის დიაპაზონი იზრდება.  უენო სალამური გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში (ქართლი, კახეთი, მესხეთი, თუშეთი, ფშავი).ენიანი სალამური კი 230-260 მმ სიგრძის მილს წარმოადგენს. თავი წაკვეთილია. გაკეთებულია 5 ან, უფრო ხშირად 6-8 თვალი. ერთი თვალი უკეთდება უკანა მხრიდან ზედა 1-2 თვალს შუა. ენა წარმოადგენს ლერწმის მოკლე საცობს (12-15მმ), რომელიც ჩასმულია სალამურში (მილში).  უენო სალამური უფრო ხშირად ჭერმის, ან დუდგულის ხისგან მზადდება, ენიან სალამურს კი ლერწმისაგან ან ლელისაგან ამზადებენ. უენო სალამური ენიან სალამურზე გრძელია და მასიური. მიუხედავად იმისა, რომ ენიანი სალამური შედარებით პატარაა, მისი ტექნიკური შესაძლებლობანი გაცილებით მაღალია: მას უფრო მდიდარი ბგერა, დიდი დიაპაზონი და ნიუანსირების მეტი უნარი აქვს. ენიანი სალამურის დამზადება გაცილებით რთულია და ოსტატის გამოცდილ ხელს მოითხოვს. ლერწმის პროპორციულად განვითარებული ლულოვანი ღერო ფრთხილად უნდა მოიჭრას, თავიდან ბოლომდე გაიხვრიტოს და როგორც ღრუ, ისე ზედა პირი სათანადოდ დამუშავდეს. სალამურის დასამზადებლად გამოსადეგი ღერო, «შვეტი» (ხალხური გამოთქმაა, სწორს თანაბარზომიერად განვითარებულს ნიშნავს) უნდა იყოს. შემდეგ ღერო თავთან გეზად აიჭრება, ღეროს აჭრილ ნაწილთან - სასტვენელთან სალამურის ენას ჩასვამენ. ზედაპირზე ენა ოდნავ ათლილია. მხოლოდ ამ ნაწილით უნდა გაატაროს მან ჰაერი, სხვა ნაწილით კი მთლიანად დაგმანოს სასტვენის ყელი. ეს უკანასკნელი ბოლოში სულსაქცევის თაღისებური პატარა «კილოთი» თავდება. «კილოსა» და ენის ანაჭერის გასწვრივ ხაზზე უნდა ამოიჭრას ექვსი მრგვალი თვალი. ეს თვლები ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით (2 სმ.) უნდა ამოიჭრას. ამრიგად ენიან სალამურს სულ 8 თვალი გააჩნია.
რით განსხვავდება ენიანი სალამური უენოსაგან? მისი სიგრძე 380-400მმ-ია,გარშემოწერილობა კი 6 სმ-ს უდრის, მუქი წაბლისფერია, შიდა მხარე თავიდან ბოლომდე ლულოვანია. სალამურის თავი ოდნავ დავიწროებულია, რათა მოსახერხებელი იყოს ჩასაბერად. სალამურის სულის საბრუნებელი არე «თვლებით»არის დასამღრული. ისინი ერთ ხაზზეა ამოკვეთილი პირველი თვალი მე-13 სმ-ზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი ექვსი თანაბარი მანძილით, 3-სმ-ით არის ერთმანეთს დაშორებული. სალამურის სიდიდეს ადრე თურმე ციდით, გოჯით, ანუ თითის დადებით საზღვრავდნენ. დაწესებული ყოფილა შემდეგი ზომები: ყელი (თავიდან პირველ თვლამდე) - კაცის ერთი ციდა; წინა თვლების მხარე -1 ციდა; ბოლო, ანუ ქვედა მხარე - სამი თითის დადება. 
ამრიგად, სალამური შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს:თავი, ანუ ყელის ნაწილი; შუა ტანი, ანუ თვლების ნაწილი და ბოლო. თითოეული მათგანი დადგენილ ზომებს ექვემდებარება და განსაზღვრულ ურთიერთმიმართებაშია.  რაც უფრო ახლოა თვალი თავთან (ყელთან) მოთავსებული, მით უფრო წვრილ ხმას გამოსცემს;  წვრილ მაღალ ხმას პირველი თვალი გამოსცემს,მომდევნო უფრო დაბალს და ა.შ. სალამურზე შემსრულებლად გვევლინებიან მხოლოდ მამაკაცები.  სალამური, განსაკუთრებით უენო, მწყემსების აუცილებელ ნივთს წარმოადგენს.  დღესდღეობით, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გავრცელებულია ენიანი სალამური. მასზე სრულდება მწყემსური და საცეკვაო მელოდიები. უენო სალამურზე მხოლოდ მწყემსური მელოდიები სრულდება.სალამური დაკავშირებულია მწყემსურ ყოფასთან. ამითაა გამოწვეული, რომ სალამურის რეპერტუარი თითქმის მთლიანად მწყემსური მელოდიებით ამოიწურება.ზოგჯერ ის დოლთან ერთადაც გამოიყენება. საერთოდ, ენიანი სალამური უფრო გვიან არის გაჩენილი. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ სალამურის ძირითადი დანიშნულება -მწყემსურ ყოფასთან კავშირი (რაც უძველესი დროიდან მომდინარეობს), სწორედ უენო სალამურს შემორჩა დღემდე. სალამური ყველაზე გავრცელებული ხალხური მუსიკალური ინსტრუნტი ყოფილა საქართველოში. საინტერესოა სალამურის დამკვრელთა აზრი ორივე საკრავის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ. მუსიკალურობის მხრივ,დიდი განსხვავებაა ენიანსა და უენო სალამურებს შორის: «ენიან სალამურს ყველაფერს ვათქმევინებთ, რასაც მოვინდომებთ: ბაიათს, საცეკვაოს და ა. შ. უენო სალამურის შესაძლებლობა კი შეზღუდულია. 
  სალამურის გაკეთებისას ითვალისწინებდნენ, თუ რომელ ინსტრუმენტთან ერთადაპირებდნენ მის დაკვრას. ამის მიხედვით ადგენდნენ ტონალობას. ხელოსანს ორგვარი სალამურის დამზადება შეუძლია: I და II ხმისა. ბანის სალამურსაც აკეთებენ. 
 სალამურზე სულ რომ გვიფარია თითები, ჩუმი ჩაბერვით ვიღებთ I ოქტავის დო-ს.ჩაბერვისას ვიძახით ბგერას ”თ”-ს. თუ ავაცილებთ ქვედა ერთ თითს მთლიანად,მივიღებთ ბგერა რე-ს, ხოლო თუ ნახევრად ავწევთ თითს დო-ზე ვიღებთ დო. რე-დან თუ ავწევთ ერთ თითს ვიღებთ მი, ხოლო თუ მი ავწევთ ნახევრად მივიღებთ მი.შემდეგ მთლიანად აწევისას ფა, ხოლო ფა-ს თუ ავწევთ ნახევრად ფა. შემდეგ სოლ,ნახევრად სოლ. შემდეგი თითის აწევით ვიღებთ ლა-ს, ლა-ს შემდეგ თითის მთლიანად აწევით ვიღებთ სი-ს, ხოლო ნახევრად სი-ს. შემდეგ ყველა თითს ვაფარებთ და ძლიერი ენის დარტყმით ვიღებთ მეორე ოქტავის დო-ს. II ოქტავის ბგერებს ვიღებთ იგივე თითების დაფარებით და უფრო ძლიერი ჩაბერვით.

დოლი
   ქართული დასარტყამი საკრავები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დოლი გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში.  დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს, რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები, რომლებითაც იჭიმება ტყავი.  დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1.  უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. დოლზე მიიღწევა ტრელები, ტრემოლო, ფორშლაკები. როდესაც ფორტე-ს ეფექტის მიღწევა სურთ, უკრავენ შუა ადგილას, ხოლო პიანო-ს დროს -დოლის ნაპირებზე. დოლის კორპუსი კეთდება ხისაგან. მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს, რომელსაც ამაგრებენ თოკით ან თასმით. დოლზე უკრავენ ძირითადად მამაკაცები; ცეკვის დროს დოლი ხაზს უსვამს ცეკვის რიტმს. 
დუდუკი 
    დუდუკი ჩასაბერი საკრავია; დუდუკის ძირითადი ნაწილებია: ლულა, ყამიში, ხუფი და რეგულატორი. ლულა მზადდება უმთავრესად ჭერმის, აგრეთვე, თუთისა და ბზის ხისაგან. ლულაზე ზემოდან ამოჭრილია 8-9 და ქვემოდან 1 ნახვრეტი(თვალი).  ლულაში ჩადგმულია ლელის ან ლელქაშის ბრტყელი ორმაგი მილაკი__ყამიში. დუდუკის ბგერათრიგი დიატონურია. ნახვრეტების ნაწილობრივ დახურვისას მიიღება ქრომატული ბგერათრიგიც. დუდუკი არის როგორც საანსამბლო ისე სოლო საკრავი, აქვს ნაზი, რბილი ხმოვანება. «დასტა», აღმოსავლეთ მუსიკალური საკრავების დამკვრელთა მცირე ანსამბლი, შედგება ორი ზურნისა ან ორი დუდუკისა და დოლისაგან. მელოდიას ასრულებს ერთი მეზურნე - «უსტა» - ოსტატი; მეორე მეზურნე - «დამქაში» - მელოდიას ბურდონული ბანით მიჰყვება კილოს ძირითად საფეხურზე. მედოლე დახელოვნებული მომღერალიცაა. დუდუკის რეპერტუარი მრავალფეროვანია; ასრულებენ უმთავრესად საყოფაცხოვრებო, სატრფიალო, სალაღობო, ლირიკულ, საცეკვაო მუსიკას. დუდუკი საქართველოში აღმოსავლეთ ქვეყნებიდან შემოვიდა XVII საუკუნეში, იგი ყარაჩოღელებისა და თავადიშვილების დროსტარების განუყრელი თანმხლები იყო. დუდუკი თანდათანობით განვითარდა და გამდიდრდა ქართული რეპერტუარით. დუდუკს ქართულ ხალხურ მუსიკალურ მემკვიდრეობაში მტკიცე და ღრმა ტრადიციები გააჩნია, ამას, სხვა მრავალ ფაქტთან ერთად, მისი დამზადების მაღალი კულტურაც მოწმობს. ამისსავე დამადასტურებელია ის გარემოებაც, რომ დუდუკის გაუმჯობესება - დასრულება (სხვადასხვა ხმის მისაღებად საგანგებო საშუალებათა ძებნა), როგორც ამას ქვემოთ დავინახავთ, ქართველ მედუდუკეთა დაუცხრომელი ზრუნვისა და შემოქმედებითი ძიების საგანს წარმოადგენს.  დუდუკი და ზურნა სხვადასხვა საკრავია. «მათ საერთო ის აქვთ, რომ ორივე საკრავი ენიანია, თუმცა სწორედ ეს ენაა, რომ განასხვავებს მათ ერთმანეთისაგან. პირველის ენა საგანგებოდ მზადდება ლერწმისაგან, მეორეს ენა (ყამიში) - სხვა ხასიათისაა. ისინი მოყვანილობითაც განირჩევიან. პირველს შვეტი, სწორად გაყვანილი გრძელი ტანი აქვს, მეორეს - კონუსისებური, ბოლოგანიერი. ორივე საკრავს 9-9 სახმო თვალი აქვს, რვა თვალი ზემოდან და თითო-ქვემოდან.» პირველიცა და მეორე მთხრობელიც ხაზს უსვამენ, რომ ეს საკრავები ხმის მიხედვითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დუდუკი «წმინდა ხმაზე იძახის», «დაბლად და ტკბილად უკრავს», ზურნა კი «მაღალ ხმაზე ჭყივის და მსმენელს აგულისებს». ამ ორი საკრავის შედარებისას მედუდუკეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ თითოეული მათგანის მუსიკალურ ჟღერადობას.. დუდუკი, პირველყოვლისა, ლხინის სუფრის თანმხლებია.
  ზურნა უფრო მოწოდებითი, შემაგულიანებელი, გმირული სულისკვეთების გამომხატველი საკრავი იყო. იგი ამ დანიშნულებით იხმარება ახლაც. ზურნა საანსამბლო საკრავია. ანსამბლში შედიან პირველი და მეორე ზურნები და დოლი. ზურნაზე სრულდება საცეკვაო, საჭიდაო და სადღესასწაულო მელოდიები. ზურნის ძირითადი ნაწილებია: ღერო(1) და ყამიში. ღერო  მზადდება უმთავრესად გარგარის, აგრეთვე კაკლის ხისგან. ღეროზე ზედა მხრიდან ამოჭრილია 7-8 თვალი, ქვედა მხრიდან ერთი თვალი.ბოლოგანიერი ღეროს სიგრძეა 280-300 მმ. ღეროს უკეთდება ლერწმისაგან დამზადებული ყამიში. ზურნის დიაპაზონია მცირე ოქტავის ”სი”-მესამე ოქტავის “დო”.    
დუდუკის კეთების ტრადიცია საქართველოში ახლაც ცოცხლობს და, შეიძლება ითქვას, წარმატებით ვითარდება. აი როგორ აღწერა საკრავის დამზადების პროცესი ცნობილმა მედუდუკემ მიხეილ ადამაშვილმა: «დუდუკი ძირითადად ჭერმისა და ბზის ხისაგან კეთდება. ჭერმისაგან დამზადებული დუდუკი საერთოდ ძალზედ ხმიანია, ფართო რეზონანსი აქვს. ბზის დუდუკი, მტკიცე და მკვიდრია, მაგრამ ხმის სინარნარითა  და ჟღერადობით პირველს ვერ ედრება. სამასალე ხე მზვარე ადგილასაა უკეთესი. საქართველოში ყველაზე კარგი მასალა ავჭალასა და დიღომში იზრდება. საერთოდ, საკრავის დასამზადებლად უმჯობესია შვეტი, ტოტებამდე უროკო ტანი ხე, რომელიც ადვილად ემორჩილება დამუშავებას. სამასალედ შერჩეული ზრდადამთავრებული ჭერმის ხე უნდა მოიჭრას,როდესაც მას შემშრალი აქვს როპი. შემდეგ ამისა, შერჩეული ტანი ხე დაიმორება ზომაზე (მორის სიგრძე საშუალოდ 40-50 სმ). დაჭრილ მორებს თავსა და ბოლოზე საქონლის პატივსა და მიწას მოსცხებენ, რათა ნედლი ხე არ «გაიღვეროს» და «დაიფრაკოს». შემდეგ ამ სახით შემზადებულ სადუდუკე ხის მორებს ჩრდილში, მშრალ ადგილას ინახავენ და აცლიან გაშრობას და შეჭკნობას. ორი-სამი თვის შემდეგ მასალა საკმაოდ გამომშრალია და აღარ არის საშიში, რომ დასკდეს. ამის შემდეგ მორს აიღებენ, ცილას შემოათლიან და გულზე დააყენებენ. დააპობენ ზომაზე. თითოეულს დახვრეტენ «ციბრუტით». ამ სახით მიღებულ შინაგან სიღრუეს მართხაფი ეწოდება. იტყვიან: «რა მართხაფია შიგნით» ე.ი.რას უდრის დიამეტრიო. გახვრეტის შემდეგ გაიჩარხება თანაზომიერად. კედლის სისქე უნდა დავიდეს 20-21 მმ-დე. მხოლოდ თავთანაა სულ მცირედით გაგანიერებული (დაახლოებით 1 სმ-ის დაშორებით ნახვრეტიდან), რათა მასში ადვილად ჩაჯდეს ლელის «საბაგური» (ყამიში),რომლის სიმსხო 3-4 მმ-ს უდრის. ამ სახით გამზადებული სადუდუკე ახლა თვლების გაწყობას საჭიროებს. ამისათვის დუდუკს ზედაპირზე უკეთდება რამდენიმე «სახმო თვალი». თითოეული «თვალი» (ნახვრეტი) მრგვალი მოყვანილობის და ერთნაირი სიდიდისაა. დუდუკს აქვს ათი თვალი: 9 მათგანი ზემო თვალია თანრიგით (000 000 000), ხოლო მეათე - ქვეშათვალია, რომელიც ქვედაპირზე, წინა ორთვალშუაა მოთავსებული». ძველ დუდუკს, მცოდნეთა ჩვენებით მხოლოდ 7 «თვალი» ჰქონდა. ექვსი ზედა მხრით და ერთიც ქვეშ, ქვედა მხრით, რაც შეეხება«ბანის დუდუკს», იგი შემუშავდა 1933 წელს. მას 11 თვალი აქვს. უკანასკნელ ხანს, კერძოდ 1958 წელს, მიხეილ ადამაშვილმა შეიმუშავა ბანის დუდუკი, რომელსაც 8 თვალი ბანის აქვს. აღნიშნულ ძველ დუდუკზე ზემოთა ექვსივე თვალი თანაბარია და ერთნაირ ხმას იღებს. მხოლოდ მეშვიდეს დაშორება ქმნის ხმის ნაირგვარობას.  განვაგრძობთ დუდუკის დამზადების პროცესის აღწერას: ...ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ საჭიროა დუდუკის «დადაღვა». ამიტომ გამზადებულ დუდუკს ათავსებენ ქონში (ქონი უნდა იყოს ძროხისა, შიგნეულის). ცალკეულ შემთხვევაში,მხოლოდ შიგნით ასხამენ გამდნარ ქონს, რათა მისი ტანი მთლიანად გაიჟღინთოს და წყალშეუვალი გახდეს, შემდეგ დუდუკს ერთი დღე-ღამის განმავლობაში კირწყალში ჩადებენ, ან შემოალესავენ კირს გარედან. კირი ახალი უნდა იყოს, ძველი ვერ იღებს ძალას. კირი თავისებურ ფერს აძლევს ხეს, მოყავისფროდ დათალხავს ხოლმე მის ზედაპირს, ზოგიერთი ხე ვერ იღებს კირს და ყავისფერი რჩება, ზოგი კი ადვილად ითვისებს და მოშავო გამოდის. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ხის ასაკს. უფრო ახალგაზრდა ხე ძნელად ემორჩილება კირის გავლენას ხოლო შედარებით ხნიერი - ადვილად. საერთოდ დუდუკისათვის ხე რაც უფრო ხნიერია, უკეთესია, ოღონდ სულ ბებერი ხეც არ ვარგა ხმისათვის. ახლა კი «საბაგური» - ყამიში (ლელი, ჩალა) უნდა გაუკეთდეს. ეს საყამიშე ჩალა იზრდება ჩვეულებრივად ტბის, რუსა და წყლის პირებზე. იგი მოიჭრება ძირიდან მესამე-მეოთხე მუხლზე. უნდა იყოს საკმაოდ მომწიფებული, კარგად შემხმარი, შარშანდელი. ახალი და მწვანე უნდილი გამოდის, არ ვარგა, ლელი მოაქვთ კონებად შეკრული და გასანიავებლად ინახავენ ცოტა ხანს. შემდეგ დაჭრიან თითოეულ საყამიშედ შერჩეულ ღეროს ზომაზე, მისი სიგრძე უნდა იყოს ერთი ციდა, ხოლო სიმსხო - ნეკის ტოლი. მუხლის ბოლო დაახლოებით 0,5 სმ. უნდა იყოს. ამ სახით გამოჭრილი ლელი საჭიროა გამოიწმინდოს შიგნითა მხრით. გამოსაწმენდად იხმარება რკინის ან ხის წვრილი ღერო. გაწმენდა მიზნად ისახავს ლელის შიგნითა გარსის გამოხვეწას. ასეთი საწმენდი მრგვალი, სწორი და ბოლო მომრილი უნდა იყოს, რომ არ დააზიანოს ლელის ღრუ (შიგნითა კედელი). როდესაც ეს საქმე მოთავდება და მუხლი გაიწმინდება, ერთი გოჯის ზომაზე შეარჩენენ გარეთა კანს, რომელიც საბოლოოდ არ დარჩება.იგი მხოლოდ დამუშავების პროცესშია სახმარი და როდესაც გარეთა კანის დახვეწა დასრულდება (რასაც დანით აკეთებენ), ამ ნაშთსაც მოაშორებენ. შემდეგ ირიბად წაითლება (გვერდზე) «ტუჩები» და ხელის მოსაკიდი დარჩება. ამის მერე მას დანის ყუით უწყებენ ზელვას,ურბილებენ გვერდებს. ამასთან იწყებენ დაყალიბებას. აქვთ ორი, დიდი და პატარა ყალიბი და იმით ახდენენ დაწნეხვას. ჟერ ხმარობენ დიდ ყალიბს. როცა ლელი კარგად დაწვება და პირს შეიკრავს, გაუკეთდება თვის ზომის ბრტკალს. შეუმოწმწბენ გარშემო «საბაგურს» და უკვე მზადაა.მხოლოდ დადაღვაღა უნდა. დადაღვისათვის ხმარობენ სელის ზეთს (მწარე ზეთი). ცეცხლის პირად ფრთხილად ატრიალებენ ზეთში ისე, რომ არ დაიწვას. როდესაც კარგად «შეიბრაწება» ამოიღებენ ზეთიდან და გაცივების შემდეგ ჩაუშვებენ სუფთა წყალში. აავსებენ წყლით და ტოვებენ ერთხანს რათა კარგად გაიჟღინთოს. შემდეგ ამოიღებენ და შეამოწმებენ ხმოვანების მიხედვით. თუ ვარგისი ხმა აქვს, ახლა მას ფარდს გაუკეთებენ. ფარდი მზადდება ერთგვარი ეკლისაგან, რომელსაც ღიჭა ეწოდება. ღიჭის საფარდეები რამდენიმე ცალადაა გამზადებული და მათგან რომელიც უკეთ მოერგება მას უკეთებენ.  დუდუკის დამზადების ეს წესები ჩვენი ხალხის მუსიკალური კულტურის მაღალ დონეს მოწმობს. თანამედროვე მედუდუკეთა შეხედულებით, დუდუკი ქართული სინამდვილიდან მომდინარე საკრავია. 
კიდევ ერთ საგულისხმო ცნობას გვაწვდის მიხეილ ადამიშვილი: «წინაპრების გადმოცემით, დუდუკი ჩვენი საკრავია. ხალხს ერევა ერთიმეორეში დუდუკი და ზურნა. ეს უკანასკნელი მართლა არაა აქაური. ბევრი ქვეყანა შემოვიარე - ამბობს ის - მაგრამ არსად ეს საკრავი არ მინახავს. ზურნა კი რამდენიც გინდა, ყველგან იყო. 
საერთოდ, დუდუკი ძალიან თავისებური და სათუთი საკრავია და მისი სრულყოფილად დაუფლება საკმაოდ ძნელია. მაგალითად, ისეთი ცნობილი და ხელოვანი მედუდუკეები: პავლე მაისურაძე, ვანო რაზმაძე, დათა ზუბიაშვილი, ავეტიკა თეთრიაშვილი და სხვანი რომ იყვნენ, ახლა ძვირად თუ მოიძებნებიან. ამ მედუდუკეთა დაკვრა გამოირჩეოდა ტკბილი და საამო ხმით. ძველი მედუდუკენი უნოტოდ უკრავდნენ, მაგრამ იმდენად წმინდად, რომ მისი გადაღება ნოტებზე სპეციალისტებს სულაც არ უჭირდათ.

No comments:

Post a Comment