Monday, October 7, 2013

ზოგიერთი რამ მეფის რუსეთის დამოკიდებულებისა და კავკასიელ ხალხთა ურთიერთობის შესახებ

 ზოგიერთი რამ მეფის რუსეთის დამოკიდებულებისა და  კავკასიელ ხალხთა ურთიერთობის შესახებ
მკვლელობებითა და ყაჩაღობით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ ქვეყანათა შორის კავკასიას პირველი და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლება ენერგიულად იბრძვის ამ სახის დანაშაულებათა წინააღმდეგ, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის განათლებაზე დიდი მატერიალური სახსრები იხარჯება. ბუნებრივია, რომ ეთნოფსიქიკით დაინტერესებულ ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს, ასევე ანთროპოლოგსაც შეიძლება აზრად მოუვიდეს შეკითხვა: აქვს თუ არა კავკასიაში გავრცელებულ მკვლელობათა და ყაჩაღობის ეტიოლოგიაზე გავლენა ამ მხარეში მოსახლე ცალკეული ტომებისა და რასების ფსიქიკის თანდაყოლილ ნიშნებს, თუ ასრულებს ამ დანაშაულებებში გარკვეულ როლს აგრეთვე ადამიანების ფსიქიკური და ნერვული დაავადებები? ვეცადოთ ამ რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხში თუნდაც ზედაპირულ გარკვევას.
ქართველები, რომლებითაც დასახლებულია თბილისის გუბერნია, კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე კულტურული ხალხია და მათ უკვე XII-XIII საუკუნეებში მიაღწიეს ცივილიზაციის საკმაოდ მაღალ საფეხურს. ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ მებრძოლი ბუნებით და საუკუნეთა განმავლობაში მეტ-ნაკლებად წარმატებულად იცავდნენ თავიანთ ეროვნულ დამოუკიდებლობას ბერძნებთან, რომაელებთან, სპარსელებთან, არაბებთან, თურქებთან და . . ბრძოლაში. საქართველოს ტერიტორიაზე დიდებულ ციხესიმაგრეთა სიუხვე მოწმობს ისტორიულ ძნელბედობაზე, უახლოეს მეზობლებთან სისხლიან ურთიერთობასა და ქვეყანაში მრავალი მხრიდან შემოჭრილი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაზე. მატიანეები და სხვა ისტორიული წერილობითი საბუთები, თავის მხრივ, გვარწმუნებენ, რომ საქართველოში, ისევე როგორც საზოგადოდ კავკასიაში, განსაკუთრებული ძალადობით გამორჩეული სისხლიანი ომები და შუღლი ოდითგანვე სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რაც შეეხება ხალხის შინაგან ცხოვრებას, საქართველოში რუსეთთან შეერთებამდე თუმცა კი არსებობდა სასამართლო, ფაქტობრივად სუფევდა ადამიანის პიროვნებაზე ძალადობა და განუკითხაობა. ადამიანის სიცოცხლე საკმაოდ იაფად ფასობდა და თითოეული იძულებული იყო, საკუთარი ძალებით დაეცვა თავისი ინტერესები. დღეს ქართველები, როგორც ადრე, მებრძოლნი, გულფიცხნი, გრძნობებს აყოლილნი არიან; მრისხანება მათში ძალიან ადვილად იფეთქებს ხოლმე, მოქმედება კი სწრაფად მოჰყვება. კავკასიაში მოსახლე ყველა ადგილობრივ ტომთან შედარებით ქართველები გამოირჩევიან უმეტესი გულუბრყვილობით, სიალალით, უდარდელობითა და ქეიფისა და დროსტარებისკენ მიდრეკილებით. უქმე დღეებში დუქნების მახლობლად მუდამ ისმის მუსიკა, სიმღერა, ჩხუბი, ყვირილი, სიცილი. ოჯახებშიც ნებისმიერი საბაბით ასევე მხიარულებას ეძლევა ხოლმე მოხუცი თუ ახალგაზრდა, კაცი თუ ქალი, სტუმარი თუ მასპინძელი. ამგვარი ხასიათის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ თავისუფალ დროს ქეიფისას სატაძრო დღესასწაულზე ან სხვა ადგილზე. მათ შორის ხშირად ხდება შელაპარაკება, რომელიც ადვილად მთავრდება სავალალო დრამით. ყაჩაღობის მიზნით, განსაკუთრებით კი ორგანიზებული ბანდების საშუალებით, მკვლელობებს ქართველები გაცილებით უფრო იშვიათად იდენენ. როგორც ყოველ ტომს, ქართველებსაც საკმაოდ აქვთ ხასიათის ნიშნები, რომლებიც მემკვიდრეობით გადაეცემა და ევროპულ საზოგადოებაში ერთობ თვალშისაცემია. ეს კავკასიელი აბორიგენების საერთო და ყველასათვის ცნობილი თვისებაა. რამდენადაც შეიძლება დავასკვნათ ისტორიული საბუთების საფუძველზე, ქართველთა ხასიათის ძირითადი თვისებები 1500 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. (აუცილებელი განმარტება: ქვემოთ ტექსტში გვხვდება ქართველთა სუბეთნიკური და ეთნოგრაფიული ჯგუფები: მეგრელები, სვანები, ლაზები, ქართლელები, კახელები, იმერლები, თუშები, ხევსურები, ფშაველები, მთიულები, მოხევეები, რაჭველები, ლეჩხუმელები, გურულები, აჭარლები, მესხები, ჯავახები, ინგილოები - რედაქტორის შენიშვნა).
ქუთაისის გუბერნიაში მცხოვრები და ქართველებთან სისხლით დაახლოებული იმერლები, მეგრელები და გურულები მათი მსგავსნი არიან ისტორიული წარსულითა და ტემპერამენტით. სიამოვნების, აღტაცებისა და მხიარულების გამოხატვაში ისინი უფრო თავშეკავებულნი არიან, ნაკლებად ემორჩილებიან ბედს, ნაკლებად უდარდელნი და კეთილნი არიან. იმერლები მათ შორის ყველაზე ამპარტავანნი და შურისმაძიებელნი არიან და, სხვათა შორის, ახასიათებთ დავაქრობისკენ საოცარი მიდრეკილება. თუმცა ეს უკანასკნელი თვისება შეინიშნება კავკასიაში მცხოვრებ ბევრ ტომში, გასაკუთრებით ბერძენთა შორის, რაც ხშირად იწვევს სისხლიან შედეგს. გურულები ქართველებზე და იმერლებზეც კი მეტად გულფიცხნი არიან, თავმოყვარეობა უფრო აქვთ გამოხატული, ამასთან ერთად ისინი გულადნი, მამაცნი და ცბიერნი არიან, თანაც მშვენივრად ისვრიან მიზანში. გურულები კარგი აგებულებისა არიან, ლამაზები, ხოლო ურთიერთობაში - თავაზიანნი და დელიკატურნი, აქვთ კეთილშობილი ქცევა და საკუთარი ღირსების შეგრძნებით არიან აღსავსენი: სულის სიღრმეში პოეტები არიან და უფრო გრძნობებითა და ვნებებით ცხოვრობენ, ვიდრე განსჯით. როგორც მძარცველები, ისინი არა მარტო თანამემამულეთა, არამედ უცხოელთა შორისაც სარგებლობენ რაინდთა სახელით, მაგალითად, როცა მათ მიერ გაძარცული ვაჭრები ეტლში მანდილოსნებთან ერთად მგზავრობენ, გურულები ამ უკანასკნელთ შესამჩნევი გულწრფელობით სთხოვენ პატიებას მიყენებული უხერხულობის გამო. გურულები და იმერლები ქართველებზე მეტად მუყაითნი და მომჭირნენი არიან.
მეგრელები, რომლებსაც ქართველური ჯგუფის ტომებთან მრავალი საერთო თვისება აკავშირებს, მაინც გამოირჩევიან ქურდობისაკენ მიდრეკილებით. ახასიათებთ ვაჟკაცობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პატიოსანი თუ უპატიოსნო ქმედებების სიყვარული და ამაში იმერლებსა და გურულებზე ნაკლებ დაჟინებულნი არ არიან.
თავისუფლების სიყვარული ყველა ქართველურ ტომს ახასიათებს, მაგრამ ნამდვილ ქართველებს - ყველაზე ნაკლებად, რადგან ისინი, მაგალითად, რუსების წინაშე საკმაოდ დათრგუნულად გრძნობენ თავს. რელიგიურნი არიან ყველანი, მაგრამ რელიგია, როგორც ეტყობა, მცირედ აკავებს ძალადობისკენ მიდრეკილებას, თუკი ამ უკანასკნელის საბაბი ჩნდება. გურულები, მაგალითად, სხვა დასახელებულ ტომებთან შედარებით მკვლელობებისა და ყაჩაღობის განსაკუთრებით ბევრ მაგალითს იძლევიან სწორედ მარხვისას, რასაც მკაცრად იცავენ, და საეკლესიო დღესასწაულებზე. თუმცა ქართველების, იმერლების, გურულებისა და მეგრელების პატრიოტიზმი არ მიდის მშობლიური სახლის, საკუთარი სოფლის, საყვარელი ხეობების, მთების, ტყეებისა და კორძების მიმართ სიყვარულზე შორს, ტომთა შორის შუღლის შედეგად ჩადენილი მკვლელობები მაინც საკმაოდ ბევრია, განსაკუთრებით ბოლო დროს, როცა თავი იჩინა ეკონომიკურმა მოუწესრიგებლობამ და გონების საერთო დაბინდვამ.
აჭარლები მკაცრი ზნეობისა და პირქუში სახის ხალხია, მათ ახასიათებთ სიურჩე, სიფხიზლე და საკუთარი ღირსების შეგნება. ეს მამაცი, ბრგე, ფიზიკურად ძლიერი ხალხია. მუსულმანური სარწმუნოება, მთის ლანშაფტი, ველური უღრანი ტყეები ამუხრუჭებს სულის მხიარულ განწყობას, ადამიანების ყველა ქმედებას სერიოზულობის დაღს ადებს. აჭარლების ურთიერთობებში შეინიშნება საოცარი დისციპლინა, რაც განსაკუთრებით მჟღავნდება მუსულმანური დღესასწაულების დროს, როცა მოსახლეობის მთავარი სიამოვნება გამოიხატება მეგობართა და ნაცნობთა მოკრძალებული მონახულებით. აჭარულ სოფლებში არ ისმის ცეკვა-სიმღერა და საკრავთა ხმა. არც ჩხუბი და აყალმაყალი გვხვდება. ირგვლივ უჩვეულო სიჩუმე სუფევს და ყოველივე ერთგვარ მოსაწყენ სიმშვიდეშია ჩაძირული, ხეებზეც კი იშვიათად შრიალებს ფოთლები და ფრინველთა გალობაც მიყრუებულია უღრანი ტევრით. და მაინც, ზანტი და სიტყვაძუნწი აჭარელის ტემპერამენტი სულაც არაა ცივი, თუ შემთხვევა მიეცა, მას დიდი სამოძრაო ენერგიის განვითარება შეუძლია, მაგალითად, დღე-ღამეში სამოც ვერსზე მეტს გაივლის ფეხით. გონებრივი შრომისკენ მოწოდება კი სუსტია. აჭარელი მუდამ იარაღშია ჩამჯდარი, ყოველთვის მზადაა სისხლიან ბრძოლაში ჩასაბმელად და უკან დახევა და დათმობა არ სჩვევია. თავმოყვარე, გულღრძო, შთაბეჭდილებებს ამყოლი, იმპულსური, სოციალურ ჩვევებს მოკლებული და საკუთარი პიროვნების ზედმეტად დამფასებელი აჭარელი ადვილად და წარბშეუხრელად კლავს. მაგრამ მოკლულის მიმართ სისასტიკეს არასოდეს იჩენს, თუნდაც ძალიან სძულდეს: უცებ, ერთი გასროლით გამოასალმოს სიცხოცხლეს მტერი - აი, მისი დევიზი.
წარსულში აჭარელი ყაჩაღები მთელს არემარეს შიშის ზარს სცემდნენ, თვით აჭარაში კი მთავარ გზებზე ვერ გაივლიდი. მხოლოდ ბოლო ათწლეულის განმავლობაში დამშვიდდა ხალხი, თუმცა მკვლელობები ძველებურად ყვავის.
ბათუმის მაზრაში შავი ზღვის ნაპირას მცხოვრები ლაზები ძლიერ არ განსხვავდებიან აჭარლებისგან, ოღონდ უფრო ვაჭრობისა და მუშტრის გაყვლეფისკენ არიან მიდრეკილნი, ვიდრე ყაჩაღობისკენ.
ხევსურებმა, რომლებიც კავკასიის მთავარი ქედის ალპურ სიმაღლეზე, ყველაზე ძნელად მისადგომ ადგილებში სახლობენ, პირველყოფილი სიწმინდით შეინარჩუნეს უძველესი დროიდან მომდინარე წეს-ჩვეულებები. მათი ხასიათი უკიდურესად სუსტად ემორჩილება ევროპული ცივილიზაციის გავლენას. ხევსურები თავდაჯერებულნი და ამპარტავანნი არიან. მშობლიურ მთებში ადვილად გადაადგილდებიან და მამაცურად იქცევიან, მაგრამ ბარად ჩამოსულნი ზანტად მოძრაობენ, მხდალები და ეჭვიანები ხდებიან. მათ აინტერესებთ მხოლოდ თავიანთი პაწაწინა სამშობლო, პატარა ერთობების შინაგანი ყოფა-ცხოვრება, საგვარეულო და სათემო ტრადიციები - სხვა არაფერი. გვარის უხუცესები მათი მიწიერი მთავრობაა, სატევარი და თოფი - საუკეთესო მეგობრები. სისხლის აღებას, როგორც დიადი წარსულის გადმონაშთს, ხევსურები ყოველი მოზრდილი მამაკაცის მოვალეობად მიიჩნევენ. მათ საკუთარი სამართალწარმოება აქვთ, რომელიც შეიცავს უამრავ დაზუსტებას შურისძიების ფორმისა და მისი ჯარიმით ჩანაცვლების შესახებ. ყოველ ზარალს შესაბამისი კომპენსაცია ეკუთვნის, მაგალითად, თანასოფლელის მკვლელობა უფრო მძიმე დანაშაულია სხვა სოფლის მკვიდრის მკვლელობაზე, ცოლისა და შვილების დახოცვა არ ითვალისწინებს სისხლის აღებას, არამედ მხოლოდ ჯარიმას და . . ხევსურებს რაინდული ხასიათის თვისებებიც აქვთ: არ სცემენ დაცემულს, იბრალებენ სუსტსა და უიარაღოს, იცავენ მიცემულ ფიცსა და დაპირებას.
სხვათა შორის, მოხსენიებას იმსახურებს ხევსურთა შორის გავრცელებული ხმლიანი ორთაბრძოლები სრული საომარი აღჭურვილობით (მუზარადი, ჯაჭვის პერანგი, ფარი და . .) და ფარიკაობა, როგორც ბავშვების აღსაზრდელი საგანი. სასწავლო შეტაკებებისა და ორთაბრძოლებისას საქმე მსუბუქ ნაკაწრზე შორს არ მიდის: სისხლის რამდენიმე წვეთი უკვე ცხადად აჩვენებს, ვინ გაიმარჯვა. მარადიული თოვლის საზღვარზე მცხოვრებ ხევსურებს არასოდეს განუცდიათ დამპყრობლის უღელი და ოდითგანვე თვითნებობას არიან ჩვეულნი. მიუხედავად ამისა, თუ სისხლის აღებას არ ჩავთვლით, დანაშაული მათთან საოცრად იშვიათია.
ასევე მაღალ მთაში მცხოვრები თუშები ხევსურებზე ბევრად ჭკვიანნი და განვითარებულნი არიან. მათაც გამოარჩევთ მებრძოლი სული, სიმამაცე, შურისმაძიებლობა, მოქნილი მიხრა-მოხრა და დიდი ფიზიკური ძალა. ხევსურების მიმართ თუშები მეგობრულად არიან განწყობილნი, მაგრამ ძალიან მტრობენ მეზობლად მოსახლე და ხელმრუდობისკენ მიდრეკილ ქისტებს. თუშების ინტერესები უპირატესად მწყემსურია - ქალაქური ცივილიზაცია მათ, სხვა მთიულების მსგავსად, არ მოსწონთ, ხოლო ბარად ცხოვრებისათვის მათი ორგანიზმი მოუწყობელია ანთროპოლოგიური თვალსაზრისით. და მაინც, თუშები ნაკლებად არიან მთებში ჩაკეტილნი და ხევსურებისგან განსხვავებით ქალაქად ჩამოდიან ხოლმე სავაჭროდ.
ფშაველები, რომლებიც თიანეთისა და დუშეთის მაზრების ნაკლებად მაღალ მთებში სახლობენ, ხევსურებსა და თუშებზე მეტად გულკეთილნი არიან და უფრო ემსგავსებიან ნამდვილ ქართველებს, თუმცა უკიდურესად უმეცარნი არიან. შურისძიების მიზნით მკვლელობა თუშებსა და ფშაველებს შორის სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ხევსურთა მსგავსად ისინიც არ ქმნიან ყაჩაღურ ბანდებს და, საზოგადოდ, ყაჩაღობისკენ მიდრეკილებას არ ამჟღავნებენ.
სვანები ქუთაისის გუბერნიის მაღალმთიან მხარეში ცხოვრობენ. ისინი ფსიქიკური აგებულებით უკვე ხსენებულ ქართველურ ტომებს ემსგავსებიან. ბუნებით კეთილნი არიან, უყვართ მხიარულება, განსაკუთრებით, თუ სასმელი აქვთ, სიტყვაძუნწები, გულადები, ამტანები არიან, თუმცა კი უკიდურესად უმეცარნი. სამაგიეროდ, მათ ენაში არ მოიპოვება უწმაწური და საგინებელი სიტყვები და ისე ჩანს, რომ ყველაზე მძიმე შეურაცხყოფა, რაც კი შესაძლებელია, არის სიტყვა -სულელო!”. თბილისელი ფსიქიატრი . . ორბელი, რომელმაც მცირე ხნის წინათ მოინახულა სვანეთი, შემდეგს გვაცნობებს მისი მოსახლეობის შესახებ: -სვანთა შორის დანაშაულებრიობა ძალიან დაბალია. ყველა საკამათო საკითხი უხუცესთა მიერ წყდება და მხოლოდ ცოტა რამ თუ აღწევს მომრიგებელ მოსამართლემდე. ყველა საქმე უკონფლიქტოდ წყდება. ყაჩაღობა, ცეცხლის განზრახ წაკიდება, მკვლელობა, ძარცვა და . . სვანებისთვის თითქმის უცნობია. სამაგიეროდ, სვანეთში გაბატონებულია სისხლის აღება, რაც მძიმე დაღს ასვამს მოსახლეობას. სვანები ამ მკვლელობას დანაშაულად არ მიიჩნევენ, დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ზნეობრივი ვალია. შურისმაძიებელი მკვლელი არ კარგავს პატიოსანი და ღირსეული კაცის სახელს”. სისხლის აღების უმთავრესი საფუძველია ქალიშვილებისა და ქალების გატაცება, რადგან უკანასკნელთა რაოდენობა მამაკაცებთან შედარებით მცირეა. გათხოვილი ქალის გატაცება, ჩვეულებრივ, გამტაცებლის სიკვდილით უნდა დასრულდეს. სვანებს სისხლის აღებისგან ხშირად აკავებს მიმალვის და, აქედან გამომდინარე, მშობლიური კერისა და მთების მიტოვების აუცილებლობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სვანეთში საოცრად დიდია, შეიძლება ითქვას, საქართველოში უდიდესია ეპილეფსიით დაავადებულთა, დეგენერატთა და სხვადასხვა ტიპის ნევროპატთა შედარებითი რიცხვი, უნდა გვიკვირდეს, რომ მის მოსახლეობაში ასე მცირედაა წარმოდგენილი დანაშაულებრიობა.

გამოქვეყნებულია წელიწდეულში - ,,ფსიქოლოგიის, კრიმინალური ანთროპოლოგიისა და ჰიპნოტიზმის მაცნეაკადემიკოს . . ბეხტერევის საერთო რედაქციით. სანკტ-პეტერბურგი, 1906

-----------------------------------------------------  
1917 წლის ,,ჯარეგოს სისხლის ღვრა''

მითხოში მახაურებსა
ავი მახფუით ჯავრია
"იმ ოხერ შატილივნებსა
ვუმტვრიოთ ქავის კარია"
ორშაბათ დილას გადმოვლეს
არღუნის წყალი ჩქარია
შამეერივნეს შატილსა
ატირნეს ქალი ' ზალია.

შატილივნებმაც შახვედრეს:
"ჩვენად ხატი და ჯვარია!"
ხმალს გაუსინჯეს ვადანი,
სისხლის აყენეს ღვარია
ქისტების სისხლით შახღებეს
არღუნის ჩქარი წყალია
გაიქცა ქისტის ლაშქარი,
მითხოსკე გზანი გალია.

ჩამახყვნეს შატილივნები,
მარჯვედ იქნივეს ხმალია
ჯარეგის თავზე შაქუჩდნეს,
წინ უძღვით ლაღი ჯვარია
"აეხლა- ჩვენცა ვატიროთ
მაგათი ქალი ' ზალია!.."
სამშაბათს გათენებაზედ
მითხოს უმტვრივეს კარია.

ვაი თქვენ მახაურებო,
რო ვერ იყარეთ ჯავრია!
შატილით მითხოს მოგიხდეს,
როგორც რო ქარიშხალია
მოამბეც არვინ დაგირჩათ,
თქვენგნივ სუყველა მკვდარია
მითხოდგე არღუნს შაერთვის
სისხლის წითელი ღვარია!

მაშინ მეც ვიყავ მეკოპრად,
დიდადაც გავიხარია
მითხოთ შატილში წავღლალე
ქისტის ნასუქი ხარია
ოთხ დღეს ისმოდა მითხოდგე
ქისტის ქალების ზარია
ოთხ დღეს ვიყვენით შატილსა
სვიანი ლუდით მთვრალია

1917 წლის თებერვალში, რუსეთის იმპერიის დედაქალაქ სანქტპეტერბურგში დატრიალებულმა ამბებმა და უკანასკნელი გვირგვინოსნისნიკოლოს II–ის გადაგომამ კავკასიის სამეფისნაცვლოში სიტუაციის სერიოზული გართულება გამოიწვია, როგორც მოსალოდნელი იყო, ადგილობრივი არარუსი ეროვნების ხალხებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე. შეხლაშემოხლა გახშირდა. სხვათაშორის, ცარიზმის მესვეურთა მიერ კავკასიელთა შორის ოდითგანვე წარმოებულმა, ,,გათიშე და იბატონეს'' პოლიტიკამ შედეგი სწორედ იმხანად გამოიღო, რის გამოც მთელი კავკასია აფეთქდადაიწყო დაპირისპირებანი სომხებსა და აზერბაიჯანელებს, ინგუშებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის და .. ამას თან დაერთო ისიც, რომ დროებითმა მთავრობამ, რომელსაც სიტუაციის დარეგულირება თავად არ შეეძლო, მოსახლეობას იარაღი დაურიგათქვენი თავი თქვენვე დაიცავითო.

1917 წლის გაზაფხულზე, ერთი მხრივ, ხევსურებსა და თუშებს, მეორე მხრივ მთიელ ჩეჩნებს ( კერძოდმელხებს ) შორის ურთიერთობა მეტად გამწვავდა. ამის მიზეზად იქცა მარბიელი თავდასხმები, რომლებიც ორივე მხრიდან ხშირი იყო; აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ჩეჩნებმა, ისე ქართველმა მთიელებმა ძველი დრო გაიხსენეს და გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანების გატაცებას მიჰყვეს ხელი. ამ მხრივ განსაკუთრებით სოფელ სახანოს ( ჩეჩნეთი, ჯარეგოს თემი) მცხოვრებთა რაზმი გამოირჩეოდა, რომელსაც ვინმე მოჰმად ძეცაევი ( იგივე ძეცათ მაჰამი ) ხელმძღვანელობდა. ძეცაევი გამოცდილი ყაჩაღი იყო და ბევრის სისხლიც ემართაროგორც ქართველების, ისე სხვა თემის ჩეჩნებისა, მაგრამ მოსისხლეებმა მისი მოკვლა, მრავალგზის ცდის მიუხედავად, ვერ შეძლეს. აქვე დავძენთ იმასაც, რომ ერთერთი თავდასხმისას, ხევსურმა მოსისხლემშატილელმა ნიკო ჭინჭარაულმა, ძეცაევი ფეხში მძიმედ დაჭრა. ამის შემდეგ ეს უკანასკნელი ხევსურეთში ლაშქრობას ერიდებოდა; სამაგიეროდ, თუშეთს იკლებდა. თუშეთის სოფლებზე ჯარეგოს თემის მცხოვრებთა თავდასხმები არც მას შემდეგ შეწყვეტილა, რაც მოჰამად ძეცაევი თუშმა მოსისხლეებმა სამუდამოდ დაახეიბრესმას ვინმე დავითო შალაფიშვილმა და იჩო ედიშერაშვილმა ხმლით ორივე ფეხი მოჰკვეთეს; ძეცაევი ცოცხალი მძლივს გადარჩა და გამოკეთებისთანავე, თუშებზე შურის საძიებლად ჯარეგოელთა დიდი რაზმი გამოგზავნა. შალაფიშვილი და ედიშერაშვილი მაშინ წოვათის თემის სოფ. წაროში იმყოფებოდნენ; ჯარეგოდან მომავალ ჩეჩნებს კი გზა აებნათ და ამ სოფლის მაგივრად ტბათანაში, წოვათელი მწყემსების საზაფხულო სადგომში მოხვდნენ, ცხადია, ვისაც ეძებდნენ, ისინი იქ ვერ ნახეს, მაგრამ მწყემსები დაარბიეს, მათი ფარები გაირეკეს და რამდენიმე მწველავი ქალიც გაიტაცეს, რომლებიც შემდგომ გაყიდეს.


1917 წელი შატილიონი მესაზღვრეები

ეს ყველაფერი ზაფხულის დასაწყისში მოხდა, ხოლო აგვისტოს თვეში კი მთაში კავკასიის ფრონტიდან დემობილიზებული ჯარისკაცები დაბრუნდნენ, რომელბმაც თან აუარებელი იარაღი ჩამოიტანესრუსეთში მომხდარი ამბების გამო, ფრონტი მოიშალა და სამხედროთა განმკითხავი აღარავინ იყო. ასე რომ, თუშებისა და ჯარეგოელების დაპირისპირებამ ხელახალი ძალით იფეთქა; არადა, გაჭიანურებული კონფლიქტი არც ერთ მხარეს ხელს არ აძლევდა, ამიტომაც, საქმეში ხევსურები ჩაერივნენრუსული არმიის მაღალჩინოსანმა, არხოტელმა ხევსურმა თომა ბალიაურმა, რომელსაც კავკასიონის ორივე მხარეზე უამრავი ძმადნაფიცი ჰყავდა, თუშები და ჯარეგოელები ლუდითა და საკლავით ,,შაჰყარა'', მაგრამ მათი შერიგება ვერ შეძლოგატაცებული ქალები უკვე გაყიდულნი იყვნენ, რაც მთის კანონის დარღვევა იყო; გარდა ამისა, ჯარეგოელთა მხრიდან უფრო მეტი იყო დახოცილი, ვიდრე თუშების მხრიდან. ეს უკანასკნელები ქალთა გაყიდვის ფაქტს იშველიებდნენ და ,,გაუბარებელი'' მოკლულების ( ასე ეწოდებოდა იმ მოკლულს, რომელიც შერიგების დროსროცა მოკლულს გადათვლიდნენრომელიმე მხრიდან ზედმეტი აღმოჩნდებოდა ) სისხლის საზღაურის გადახდაზე უარს აცხადებდნენ. ერთი სიტყვით, დაზავებაზე ჯერ საუბარიც არ შეიძლებოდა.



საბოლოოდ, თუშების და ჯარეგოელების მტრობის ამბებმა ბარშიც ჩამოაღწიათიანეთის მაზრის (იმხანად თუშეთიცა და ჯარეგოც მის შემადგენლობაში შედიოდა) უფროსმა ტბათანიდან ქალების გატაცებისა და გაყიდვის შესახებ ყველაფერი შეიტყო და საქმის მოსაგვარებლად თუშეთში სამხედრო კომისარი, ვინმე მენთეშაშვილი გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ მხცოვანი თუშების გადმოცემით მაზრის უფროსთან ჯარეგოელებს მეცხვარეებმა უჩივლეს, რომელთაც თავის მხრივ, ფარების პატრონები აწუხებდნენ და დანაკლისის ანაზღაურებას სთხოვდნენ. კომისარი მენთეშაშვილი თუშეთში, სოფ. ომალოში 1917 წლის აგვისტოს ბოლოს ავიდა და მთელ მხარეში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. კომისარის დავალებით, თუშებმა ჩეჩნეთში ლაშწრობისაკენ ხევსურებსა და ფშავლებსაც მოუწოდეს. სანამ თუშფშავხევსურები ჩეჩნეთში ,,სამეკოპაროდ'' წასვლაზე ბჭობდნენ, ჯარეგოს თემში ვიღაცამ ამბავი მიიტანაქართველები ერთიანდებიან და ჩეჩნეთის დაპყრობას აპირებენო. ცხადია, ყველანი აღელდნენ და საპასუხო ზომების მიღებას შეუდგნენ: ბარის ჩეჩნეთში ხალხი გაგზავნეს და არაკეთილისმსურველის მოტანილი ამბავი ყველას ამცნეს, თავადაც შეიარაღდნენ და საქართველოდან მომავალი გზაბილიკების გაკონტროლება დაიწყეს. ,,ჯარეგით დიან ქისტები, არღუნს ჩატეხეს ხიდია, ჩაჩანში კაციც წაღლალესლაშქარ გვაშველეთ დიდია!'' – ასეა აღწერილი იმდროინდელი სიტუაცია ერთერთ ხევსურულ ლექსში. ბუნებრივია, შერიგების მცდელობები ორივე მხრიდან კვლავაც იყო: საღად მოაზროვნენი ცდილობდნენ, სისხლის ღვრა როგორმე თავიდან აეცილებინათ და ამისათვის ყოველ ღონეს ხმარობდნენ, მაგრამ ამაოდჯარეგოელებიც და თუშებიც ისე იყვნენ განწყობილნი, რომ უომრად საქმე არ გადაწყდებოდა. სწორედ ამ დროს, მოჰმად ძეცაევის სამივე შვილიმურთუზა, აჰმადი, და ბაჰმადი,რომლებიც ადრე, ტბათაანში მწყემსებზე თავდასხმას მეთაურობდნენ, ლამახის თემის ინგუშებმა დახოცეს. შერიგების მომხრეებმა ეს ფაქტი გამოიყენეს და ომის თავიდან აცილებას კიდევ ერთხელ შეეცადნენ. თომა ბალიაური და ხევსურთა სხვა თავკაცები ჯერ ჯარეგოში ჩავიდნენ, იქაურ უხუცესებს დაელაპარაკნენ, მერე თუშებსაც შეხვდნენ და მოუწოდეს, განზრახვაზე ხელი აეღოთ: ,,ჩვენ და ქისტები მეზობლები ვართ... ერთი კაცის ცოდვას ხალხს ნუ ავკიდებთ, დავზავდეთ და ისევე მშვიდობიანად ვიცხოვროთ, როგორც ჩვენი მამაპაპანი ცხოვრობდნენ!'' – მიმართა თუშებს ბალიაურმა. მისი თქმით, თუკი თუშები დაზავებაზე დათანხმდებოდნენ, ჯარეგოელთა დაყოლიება ძნელი აღარ იქნებოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, თომა ბალიაურის შეთავაზებამ თუშთა შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია: ქალები მოგვტაცეს, გაგვიყიდეს და ჩვენ პირველნი რატომ უნდა დავზავდეთო, – გაიძახოდნენ უკმაყოფილონი. ზოგიც ხევსურებს ეუბნებოდახომ იცით, ქისტების ნდობა არ შეიძლება, მაგათ სამუდამოდ ჭკუა უნდა ვასწავლოთ, რომ ჩვენზე გამოლაშქრება ვეღარ გაბედონო. კომისარ მენთეშაშვილსაც თომა ბალიაურის აქტიურობა არაფრად ეჭაშნიკა და უკმეხად მიმართამთავრობის წარმომადგენელი აქ მე ვარ და ჯარეგოს თემთანაც მოლაპარაკებას მე გავმართავო. ბალიაური ბევრს ეცადა, მენთეშაშვილისთვის საქმის ვითარება უკეთ აეხსნა, მაგრამ ვერაფერი შეაგნებინა და იმედგაცრუებული უკან გამობრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ხევსურის წინამძღოლობა არ ინდომეს, თუშებმა ჯარეგოში ლაშქრობის მოწყობაზე ხელი მაინც აიღეს: რადგან ძეცაევები უკვე დახოცილნი იყვნენ, კომისარმა მენთეშაშვილმა მათ ურჩია, რომ ჯარეგოელებს ჯერ გაყიდული ქალების გამოხსნაზე მოლაპარაკებოდნენ და ზავი ამის მერე დაედოთ. კომისარს ,, მთავრობის კაცობით'' თავი მოჰქონდა და თუშებს ასე აიმედებდაჯარეგოელები ჩემ წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავენო. ამასობაში, ჯარეგოში ბარის ჩეჩნეთიდან 2500 კარგად შეიარაღებული მოლაშქრე ავიდა. შატილელებმა ეს შეიტყვეს და თუშები გააფრთხილეს, უიარაღოდ ნუ წახვალთო. კომისარმა მენთეშაშვილმა შეკრებილი მოხალისეები სახლებში აღარ გაუშვა და ყველა თან წაიყვანა; გადმოცემით, თუშეთში ბრძოლისუნარიანი მამაკაცი თითქმის აღარ დარჩა. ლაშქარმა თეთრი დროშა აღმართა და ჩეჩნეთში გადავიდა; მათ მშვიდობიანად გაიარეს თუშეთის მოსაზღვრე შაროის, ითონყალას თემები და ჯარეგოსაც მიაღწიეს, სადაც 2500 ბარელი ჩეჩენი იმყოფებოდა. თეთრი დროშით მომავალი თუშთა ლაშქარი სოფლის გარეთ გაჩერდა, კომისარი მენთეშაშვილი კი უხუცესებთან შესახვედრად გაემართა. აღსანიშნავია, რომ სანამ თუშების ლაშქარი ჩეჩნეთში იყო გადასული, ერთერთმა ყაჩაღმაითონყალელმა უანსაგმა ( ,,უან საგ'' ჩეჩნურად ,,ავ კაცს'' ნიშნავს ) დრო იხელთა და ოციოდე კაცთან ერთად, საქონლის გადმოსარეკად თუშეთში გადავიდა. მართალია, უანსაგი დაუნდობელი ყაჩაღი იყო, მაგრამ იცოდა რა, რომ მამაკაცები ჩეჩნეთში იყვნენ წასულები, ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს ხელი არ ახლო, საძოვრებზე გაშვებული ხარძროხა გაირეკა და წავიდა. ცხადია, საქონლის წაგვრას თუშები მას არ შეარჩენდნენ, მაგრამ უანსაგმა კარგად გათვალა, რომ ჯარეგოში დიდი შეხლაშემოხლა მოხდებოდა და შემდეგ მისთვის ვეღარავინ მოიცლიდა; ამიტომაც თამამად მოქმედებდა და, მწყემს ქალებს გაეხუმრა კიდეც: ჯერ ამ ხარძროხას წავიყვან და სათქვენოდ მერე მოვიცლიო. გადმოცემით,ამ სიტყვების გამგონე ქალებს ფერი ეცვალათ და კბილებამდე შეიარაღებულ ყაჩაღებს ისე გადახედეს, რომ ამ უკანასკნელთ ღიმილი სახეზე შეეყინათ. უანსაგმა და მისმა ხალხმა გატაცებული საქონელი ჩეჩნეთისკენ მიმავალ გზას გაუყენეს და ისის იყო, თავი სამშვიდობოსაც დაიგულეს, რომ მოულოდნელად სროლის ხმა გაისმა; ერთერთი ჩეჩენი ცხენიდან გულგანგმირული გადმოეშვა, ხოლო მეორე ტყვიამ კი თავად უანსაგს მოუღო ბოლო. საქონელი დაფრთხა და აირია; ყაჩაღებიც გვარიანად დაიბნენ და დაშინდნენ, რადგან ვერაფრით მოახერხეს დაენახათ, თუ ვინ ესროლა მათ. ბოლოს საქონელი მიატოვეს და თავქუდმოგლეჯილნი ჩეჩნეთის მხარეს გაიქცნენ; როცა თვალს მიეფარნენ, სამალავიდან ორი თოფმომარჯვებული ქალი გამოვიდასაძოვრებზე გამოჩენილი ყაჩაღებისთვის მათ ადრევე თვალი მოეკრათ და ჩეჩნეთისკენ მიმავალ გზაზე საგანგებოდ ჩასაფრებოდნენ. გადმოცემით, ისინი ელანიძეთა გვარიდან იყვნენ და ერთერთს მარიამი ერქვა; ქალებმა აბღავლებული ხარძროხა მოაგროვეს და ისევ საძოვარზე გარეკეს.
რამდენადაც ჩეჩნების თავდასხმის საფრთხე კვლავაც დიდი იყო ( უანსაგის მოკვლის გამო ისინი აუცილებლად შურს იძიებდნენ ) თუშმა ქალებმა მოითათბირეს და ფშავში მაცნე გაგზავნესჩეჩნები გვემუქრებიან და მოგვეშველეთო. იმავე საღამოს, ფშავიდან უკაცოდ დარჩენილ თუშეთში ასამდე კარგად შეიარაღებული კაცი ავიდა და საზღვარზე ჩადგა. ჩეჩნები აღარ გამოჩენილან, მაგრამ უანსაგის ნათესავებს შურისძიებაზე უარი არ უთქვამთმათ ყველაფერი ჯარეგოელებს აცნობეს და მოითხოვეს, რომ თუშებთან ზავი არ დადებულიყო; ,,ეგენი ჩვენი მტრები არიან და თუ დაუზავდებით, უანსაგის სისხლს თქვენ გაზღვევინებთ!'' – შეუთვალეს ითონყალელებმა ჯარეგოელებს. უანსაგის ახლობლების მიერ გაგზავნილი კაცი ჯარეგოში იმ დროს ჩავიდა, როცა მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდებოდა. ჯარეგოელი უხუცესები ზავზე თანახმანი იყვნენ, მაგრამ როცა ახალი ამბავი შეიტყვეს, გადაწყვეტილება შეცვალეს. მიუხედავად ამისა, კომისარ მენთეშაშვილს არაფერი აგრძნობინეს; პირიქითუთხრეს, რომ ზავის დადების აღსანიშნავად, ქალები სუფრას შლიდნენ და სანამ ყველაფერი გამზადდებოდა, თან წამოყვანილ ლაშქართან ერთად სოფლის განაპირას მოეცადა. კომისარს არაფერი უეჭვია, დიდად კმაყოფილი დარჩა და მოხალისეებსაც უბრძანა, მითითებულ ადგილას დაბანაკებულიყვნენ. თუშები ერთბაშად მოეშვნენ, ყურადღებაც მოადუნეს და ქეიფის მოლოდინში, ჯარეგოელებთან მასლაატი გააბეს. მტრული დამოკიდებულება უცებ გაქრა, თუმცა, როგორც შემდგომ გამოჩნდა, ჩეჩნებს სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდათ. ,,საქეიფო სამზადისი'' შებინდებამდე გაგრძელდა. თუშებს მასპინძელთა ერთგულებაში ეჭვი შეეპარათ და ნელნელა დაიძაბნენ. უანსაგის მოკვლის ამბავი მათაც შეიტყვეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯარეგოელები არაფერს აგრძნობინებდნენ. ლაშქარი თითქმის მთლიანად წოვათუშებისაგან შედგებოდა, რომლებსაც ჩეჩნური ენა კარგად ესმოდათ და სწორედ ერთერთმა მათგანმა, სახელად ლორსამ, ჯარეგოელთა საუბარს მოჰკრა ყური: ,,კარგად რო შეღამდება, სუფრაზე მსხდარ უიარაღო თუშებს კურდღლებივით ამოვხოცავთ და უანსაგის სისხლსაც ასე ავიღებთ...'' – თათბირობდნენ ჩეჩნები. მალე მათი ლოდინით დაღლილი თუშები სუფრაზეც მიიწვიეს და ვითომ სხვათა შორის უთხრეს: ,,როგორც წესია, თოფიარაღი აიყარეთ, ჩაგვაბარეთ და წასვლის დროს ყველაფერს უკლებლივ ჩაგაბარებთ!'' თუშებმა იარაღის აყრა დააპირეს, მაგრამ ლორსამ შესძახაიარაღს ნუ ავიყრით, ამოხოცვას გვიპირებენო და პირველი ტყვიაც სწორედ ამ დროს გავარდა. კოშკებში ჩასაფრებულმა 2500–მა ჩეჩენმა ქართველებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა. ბუნებრივია, ამ უკანასკნელებმა რეაგირება ვერ მოასწრეს, ამიტომაც ბევრი მოლაშქრე ( მათ შორის ლორსაც ) ისე დაეცა, საპასუხოდ გასროლაც ვერ მოახერხა. დაიღუპა თვით კომისარი მენთეშაშვილიც. თუში მოლაშქრეების მცირე ნაწილი, რომელიც ხოცვაჟლეტვას გადაურჩა, ჩეჩნებმა ტყვეებად აიყვანეს და სოფლის თავში, ერთ მაღალ კოშკში ჩაკეტეს. ისინი საღამოსთვის ითონყალაში, უანსაგის ახლობლებისთვის უნდა გაეგზავნათ, იქ კი უეჭველი სიკვდილი ელოდათყველა მათგანს ყაჩაღის საფლავზე დაკლავდნენ, რათა სისხლი აღებულად ჩათვლილიყო. დატყვევებულ თუშებს იმედი გადაუწყდათ, მაგრამ სწორედ ამ დროს, ერთერთმა ჯარეგოელმა ქალმა მათ პურსა და წყალთან ერთად, პატარა ქლიბიც მოუტანა და უჩუმრად უთხრა: ,,ჩვენ წესი გვაქვსგამარჯვების აღსანიშნავად, მოლა საყოველთაო ლოცვას აღავლენს, რომელსაც მთელი სოფელი უნდა დაესწროს... თქვენც ამით უნდა ისარგებლოთ და გაიქცეთ!'' თუშებმა ქალს ქლიბი მშინვე უსიტყვოდ ჩამოართვეს და ბორკილების ხეხვას შეუდგნენ. მართლაც რამდენიმე ხნის შემდეგ, ,,ძიქარზე'' ( ჩეჩენი სუფისტების რელიგიური ცერემონია, რომლის დროსაც ისინი წრეზე დგებიან და მოლის ნიშანზე, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ; თანაც, განუწყვეტლივ იმეორებენ ისლამურ მრწამსს – ,,შაჰადას'' ) მთელი სოფელი შეიკრიბა, ლოცვა რომ დაიწყო, თუშებმა დრო იხელთეს, კოშკის კარი გამოამტვრიეს, გარეთ გამოვიდნენ და შატილისაკენ გაიქცნენ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ გზაზე დარაჯად აღარავინ იდგომებოდა, მაგრამ შეცდნენალაქოს ხევში ( რომელზეც ჯარეგოელთა და შატილელთა საზღვარი გადიოდა ) ჩეჩნების მცირერიცხოვანი რაზმი მდგარიყო, რომელმაც გაქცეულები შეამჩნია და სროლასროლით უკან გამოედევნა. ალაქოს ხევში ატეხილი სროლის ხმა და გამოქცეულ თუშთა ყვირილი შატილში მალევე გაიგონეს, აქედან კი ხმა ხევსურეთის სხვა თემებს, ფშავსა და თუშეთსაც მიაწვდინეს. სასწრაფოდ, ქუდზე კაცი გამოვიდა და ყველანი ჯარეგოსაკენ დაეშვნენ. თუშეთში მყოფი ფშავლებიც საჩქაროდ ჩეჩნეთში გადავიდნენ, მდ. არღუნი გადალახეს და ჯარეგოს ზურგიდან მოუარეს. 1917 წლის 3 სექტემბერს, დილით ადრე, ხევსურებისა და ფშავლების მაშველთა რაზმებმა სოფელს ორი მხრიდან შეუტიეს. შემდგომში ამ ლაშქრობის მონაწილენი იხსენებდნენ, რომ ჯარეგოს სანახებთან შეუმჩნევლად მიახლოება მათ ნისლის დახმარებით შეძლესგათენებისას, ნისლი მთებიდან დაბლა, სოფლისკენ ჩაცურდა და მას თან ხევსურებიც მიჰყვნენ. ჩეჩენმა მზირებმა ახლოს მოსული მტერი მხოლოდ მაშინ შენიშნეს, როდესაც შუკებში ძაღლებმა ყეფა ატეხეს. სულ მალე, დაპირისპირებული მხარეები ხმალდახმალ შეებნენ ერთმანეთს. ხევსურებმა თან წამოღებული თვითნაკეთი ბომბები კოშკების შესასვლელ კარებშიც შეყარეს და იქ გამაგრებული ჩეჩნების დიდი ნაწილი გაანადგურეს; მიუხედავად ამისა, სოფელმა წინააღმდეგობა გვიან საღამოსღა შეწყვიტა. ხევსურებმა ჯარეგოს შუკებში მიმოფანტული თუშთა გვამები მოკრიბეს, ჯარეგოელთა ნახირიც გამოირეკეს და გამარჯვებულნი, უკან გამობრუნდნენ. ,,ხევსურთ დალხანეს ქისტები, სისხლი ადინეს ღვარია, სამს დღეს ისმოდა ჯარეგით ქისტის დიაცთა ზარია!'' – მოგვითხრობს ამის შესახებ ხევსურული ლექსი, რომელიც ჯარეგოს სისხლის ღვრის ერთერთმა მონაწილემ გამოთქვა.
----------------------------------------------------------
მეოცე საუკუნის ოციან წლებში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, ხევსურები და ფშაველები არღუნის ხეობაში იყვნენ გადასულები მითხოველებთან შესარიგებლად.
ლაპარაკის დროს, ჯარეგის თემში, სოფელ ჭანეთის ზემოთ მინდორზე, ერთ მითხოველს თავისის შინშის-ბიძაშვილის ნაქონი, ნაქისტარი კარაბინი დაუნახავს სულხანაურთ გიგიას ხელში. ის მითხოველი ხევსურების ხელით იყო მოკლული. ქისტს უცვნია თავისი მკვდარი ბიძაშვილის ნაქონი კარაბინი.Dდა გაგიჟებულა.
ამტყდარა სროლა, ნაგანების ბაგა-ბუგი და ხანჯლის ტრიალი, ისე რომ ჩვენს მხარეს ოთხმოცამდე კაცი დასისხლულა, იქითაც დაღვრილა სისხლი. ქისტები ბევრნი იყვნენ. მთელი თემი იყო შეყრილი, თან თავის მიწაზე და ალბათ, ბოლო კაცამდე ამოწყვეტდნენ ჩვენებს, ქისტის მოლა რომ არ გადაჰფარებოდათ.
მაღალ, წითელ ინით წვერშეღებილ, ნაზამთრალი მგელივით გამხდარ და ავ ბებერს მუჭით მიწა მოუხვეტავს, მაღლა აუყრია და უყვირია - ”აი ამ მიწის ცოდვა ეზიდნოს, ვინც კიდევ სისხლი დაღვაროსო”.
გაჩერებულან.
-----------------------------------------------------------------------------

სისხლ-მესისხლეობის ინსტიტუტი მეტ-ნაკლებად ტრანსფორმირებული სახითაა შემონახული როგორც ქართველი, ასევე ვაინახი ხალხის ყოფაში და შურისძიების შემთხვევები XXI საუკუნის დასაწყისისათვისაც კი ფიქსირდება.

ქართველთა და ჩეჩენ-ინგუშთა ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ქართველები (ხევსურები, თუშები) და ვაინახები (ჩეჩნები და ინგუშები), ერთმანეთს კავკასიონის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთიანეთის ერთი მონაკვეთით ემეზობლებიან. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ეს ხალხები ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გამო ერთმანეთთან მეტად მჭიდრო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, რაც ქმნიდა ხელსაყრელ პირობებს მათი დაახლოვებისთვის.

გენეტიკურად და კულტურული თვალსაზრისით მონათესავე ეს ხალხები, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმნიდნენ მყარ პოლიტიკურ, სოციალურ ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს. სასაზღვრო რეგიონში მცხოვრები ქართველი და ვაინახი მთიელებისთვის ტერიტორიულ სიახლოვეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სამეურნეო, რელიგიური, სამართლებრივი და საოჯახო ურთიერთობების გნვითარებისათვის - მათ ერთმანეთის ენა იცოდნენ, ქორწინდებოდნენ და ნათლავდნენ უცხო ტომის წარმომადგენლებს, ერთად ლოცულობდნენ საერთო სალოცავებში, ერთად ასრულებდნენ საკულტო რიტუალებს, ერთმანეთს ძმად ეფიცებოდნენ და გაჭირვებაში გვერდით ედგნენ, ქირაობდნენ და აქირავებდნენ სახნავ-საძოვრებს, ყიდნენ და ყიდულობდნენ პროდუქტს, იარაღს, სხვადასხვა ნივთს, ერთმანეთში ცვლიდნენ სამეურნეო პროდუქციას და სხვ.
კავკასიური კულტურული მატრიცა კრავდა და ადუღაბებდა ამ ხალხთა შორის ურთიერთობას, რაც, უპირველეს ყოვლისა, თანადგომაში, ურთიერთპატივისცემაში, ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარებაში პოულობდა გამოხატულებას. თუმცა იგი არც დაპირისპირებებისა და კონფლიქტებისგან ყოფილა დაზღვეული და ქართველებსა და ვაინახებს შორის იყო შუღლიც, მტრობაც, ურთიერთთავდასხმებიც...
ისტორიულად არსებული მჭიდრო პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კავშირების მიუხედავად, განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობანი სასაზღვრო რეგიონში გარკვეული მიზეზების გამო ზოგჯერ კონფლიქტში გადაიზრდებოდა ხოლმე.
კონფლიქტებს განაპირობებდა ეკონომიკური, სოციალური, ზნეობრივ-ეთიკური და რელიგიური ფაქტორები. მწირი და მცირე მიწის სავარგულები და აქედან გამომდინარე სიდუხჭირე, კუთვნილი ტერიტორიების საზღვრების მტკიცედ დაცვის აუცილებლობა, რელიგიური ღირებულებების ხელყოფა, ტრადიციული ყოფითი ურთიერთობებისა და ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევები მთიელთა შორის განხეთქილების გამომწვევი მიზეზები იყო. გარდა ამისა, მხედველობაში მისაღებია მთიელთა მენტალობა, რომელიც ვაჟკაცობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ პირობად მეზობელი ტომის ძარცვა-რბევას, მეკობრეობას და მათი წევრების კვლას გულისხმობდა.
კონფლიქტები განსაკუთრებით გამძაფრდა რუსეთის მიერ კავკასიელი ხალხების დამორჩილების შემდეგ. მეზობელ ქართველ და ვაინახ მთიელთა შორის თავისთავად არსებულ წინააღმდეგობებს უფრო მეტ სიმძაფრეს მატებდა იმპერიის განმტკიცების რუსული პოლიტიკა XIX საუკუნეში, რის აუცილებელ პირობადაც კავკასიელი ხალხების ერთმანეთთან დაპირისპირება მიიჩნეოდა.
მასშტაბების თვალსაზრისით, კონფლიქტური ვითარება შეიძლება წარმოქმნილიყო როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ასევე ჯგუფებს შორისაც. ამდენად, საკვლევ ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონფლიქტებს, ერთი მხრივ, პიროვნებათაშორისი - ინტერპიროვნული, და მეორე მხრივ, ჯგუფთაშორისი - ინტერჯგუფური ფორმა ჰქონდა.
საკვლევ რეგიონში ინტერპიროვნული კონფლიქტის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ის ძალიან ხშირად ინტერჯგუფურ კონფლიქტში გადაიზრდება. მთიელთა ყოფაში იმის უამრავი ფაქტი მოიძებნება, თუ როგორ იღებდა პიროვნებათშორისი კონფლიქტი (ქურდობა, შეურაცხყოფა...) მასშტაბურ ხასიათს და მასში მთელი გვარი და თემიც კი ჩაერთვებოდა. ასეთ შემთხვევაში ვლინდებოდა კოლექტივისტური საზოგადოების წევრებისათვის დამახასიათებელი ძლიერი იდენტიფიკაცია ჯგუფთან, ტრადიციებისა და ქცევის ნორმების აუცილებელი დაცვის ტენდენცია და ჯგუფის დარაზმულობის მაღალი ხარისხი.
მეზობელ მთიელთა შორის წარმოქნილ ინტერპიროვნულ თუ ინტერჯგუფურ კონფლიქტებს ხშირად შედეგად კაცის კვლა მოჰყვებოდა. ხოლო მკვლელობის შემთხვევაში სისხლის აღება ანუ სიკვდილით შურისძიება გარდაუვალი იყო.
,,შურისძიება აქ ჩვეულება, სავალდებულო კანონი იყო, რომელსაც ვერავინ უღალატებდა“ - წერდა . ხიზანაშვილი.
ტრადიციის თანახმად, მოკლულის გვარის მამაკაცებს შური უნდა ეძიათ მკვლელზე ან მისი გვარის მამაკაცზე. მთის საზოგადოებებში მოქმედი ტალიონის პრინციპი - -სისხლი სისხლისა წილ, კბილი კბილისა წილ“, იწვევდა სისხლის აღების ქმედებათა უწყვეტი ჯაჭვის წარმოქმნას, რაც მთის ისედაც მცირერიცხოვანი მოსახლეობის უმოწყალო განადგურების მიზეზი იყო, თუ, რა თქმა უნდა, არ გატარდებოდა გარკვეული ღონისძიებები მის აღსაკვეთად.
მართალია, მოგვიანებით შურისძიებისა და სისხლის აღების ინსტიტუტი სისხლის დაურვების სისტემამ, ანუ მატერიალურმა საზღაურმა შეცვალა, რომელსაც დამნაშავე დაზარალებულის ნათესავებს უხდიდა, მაგრამ კავკასიელ მთიელებში სისხლზე სისხლის აღება გვიანობამდე უფრო სასახელოდ ითვლებოდა.
მაგალითად, ხევსურეთში ,,სახელის ქნამოწინააღმდეგეზე, მოსისხლეზე შურისძიებას, მის მოკვლას გულისხმობდა. აქ ქისტის მოკვლით მთელი გვარი ამაყობდა; ქისტის მკვლელი შინ სახელიანი ბრუნდებოდა. მას ლექსებს უძღვნიდნენ და მისი გვარის ყველა მამაკაცს ამ ლექსებს უმღეროდნენ. მისი გმირობის ამბავი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათ სახელს ყველა შენატროდა: ,,ნეტავი მაგათ, რომ ჯარზე სახელიანები დასხდებიანო“. ის, ვისაც სახელი არ ექნებოდა ნაქნარი, თუნდაც სხვა მხრივ საუკეთესო თვისებებით ყოფილიყო შემკული, ხევსურეთში არც კაცს მოსწონდა და არც ქალს. მას კარგი ქალი ცოლად არ გაყვებოდა: ,,განა რითი არიან ჩემზე მეტნი სხვა ქალები, რომ სახელიანი ქმრები ჰყავთ, მე რად წავყვები ისეთ ქმარს, რომ სახელიანი არ იყოსო“.
სისხლს რომ აიღებდნენ, ხევსურები მოკლულს თავიანთ მკვდარს შესწირავდნენ, ,,უმცროსიმც ხარ (ამისა და ამისა), ჯღანსამც უბანდავ, წყალსამც უზიდავ, მომსახურებასამც უწევავ საიქიოსავ“, ანუ, ხევსურთა შეხედულებით, მოკლული ქისტი საიქიოში გარდაცვლილის მსახური ხდებოდა. იგივე ტრადიცია ჰქონდათ ვაინახებსაც. ხევსური მოკლულ ქისტს მარჯვენას მოსჭრიდა და, როგორც შურისძიებისა და ჩადენილი გმირობის დამადასტურებელს, ციხის კედელზე მიაკრავდა; სახელოვანი გმირი მათი რაოდენობის მიხედვით ფასდებოდა.
ძველად მოკლულისთვის იარაღის ართმევა ან სხვა რაიმე ნივთის წამოღება ქართველ მთიელებში სირცხვილად ითვლებოდა; თუმცა მოგვიანებით, XX საუკუნის პირველი ნახევრის ეთნოგრაფიული მასალების თანახმად, მოკლულის იარაღის (ხანდახან ჩასაცმელის ან სხვა რაიმე ნივთის) წაღება უკვე ინტენსიურ ხასიათს ატარებს. მიცვალებულისთვის იარაღის დატოვება ახლა უკვე დიდ პატივად არის მიჩნეული, ხოლო ასეთი ,,პატივიკი მას ხვდებოდა წილად, ვინც სიმამაცით და ვაჟკაცობით თავს გამოიჩენდა, სიკვდილსაც გმირულად შეხვდებოდა და თავისი საქციელით მოწინააღმდეგეში გარკვეულ სიმპათიას იწვევდა. ასეთ მიცვალებულს შეძლებისდაგვარად აპატიოსნებდნენ კიდეც - შემაღლებულ ადგილზე დააწვენდნენ, ნაბადს ან რაიმეს წააფარებდნენ, რათა ნადირს არ გაეფუჭებინა და სხვა.
ქართველ მთიელთა ანალოგიურად ჩეჩნეთსა და ინგუშეთშიც შურისძიებით კაცის მოკვლა სავალდებულოდ და ამავე დროს დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა. ისინი კიდევ უფრო მეტად აქცევდნენ ამას ყურადღებას და, მაგალითად, უსახელო ღილღველი სულ უცოლოდაც კი რჩებოდა. თუ კაცი ქურდი მაინც არ იყო, ქალი მას ცოლად არ გაჰყვებოდა; კაცი თუ არ ჰყავდა მოკლული, ხარ-ცხენი მაინც უნდა მოეპარა და ამით ესახელებინა თავი.
ღილღველებს წესი ჰქონდათ - მოკლულის ნათესავები მის საფლავთან ან აკლდამასთან დიდ მაღალ ქვას დააყუდებდნენ. როცა შურს იძიებდნენ, იმ ქვას მაშინ წააქცევდნენ; მანამდე კი ის ქვა სასაყვედურო იყო. ჩხუბში ეტყოდნენ - ,,ჩემგან რა გინდა, ჯერ ის ქვა წააქციე და მერე ილაპარაკეო. სირცხვილიანი ხარ, ის ქვა ვერ წააქციეო“.
ვაინახებისაგან განსხვავებით ქართველი მთიელები სისხლის აღებას მაშინვე ცდილობდნენ - „ცხელ გულზე“, რადგან თუ გული განელდებოდა, შეიძლება საქმეს აღარ მიჰყოლოდნენ. ვაინახები კი დინჯები იყვნენ, შურისძიების დროს არ იცოდნენ აჩქარება, ათეული წლების შემდეგაც კი შეეძლოთ სისხლი აეღოთ.
ქართველ მთიელებსა და ვაინახებს შორის შუღლს ისეთი ინტენსიური ხასიათი ჰქონდა, რომ, მაგალითად, ყველა ხევსურ მამაკაცს საწოლთან ახლოს გამზადებული ეწყო ,,სამდევროდ გაბანდული ახალი ჯღანებიდა იარაღი, რათა მტრის თავდასხმის შემთხვევაში დრო არ დაეკარგა და უცბად გამოდევნებოდა მას.
ამგვარ ქმედებათა ინტენსიურობაზე მეტყველებს თუნდაც არხოტელთა და ღილღველთა საერთო გზის - ჭალის სხვადასხვა მონაკვეთის სახელწოდებანი. ჭალა ზამთარში ერთადერთი სამიმოსვლო გზა იყო, რომლითაც ხევსურები სარგებლობდნენ და რომელიც, ინფორმანტის ცნობით, ,,სულ მორწყულია ჩვენი და ქისტების სისხლით“. ადგილის სახელები კი იმის მიხედვით დაურქმევიათ, თუ ამ ადგილას რა იყო მომხდარი: ჯარაის წყაროს გაბურთ ნაომარი, გიორგათ ნაომარი, ბეწინა-ბეწინათ დანახოცი, ბეწინაის მანაკლავი, მინდიაის მანაკლავი, ჯერნალის მანაკლავი, საღირაის შვილის მანაკლავი, ანდარუყოს მანაკლავი, გახამთის მანაკლავი, ჩერგეზაის მანაკლავი და ..
ვაინახებსაც, ქართველთა მსგავსად, სისხლის აღებასთან დაკავშირებით თავიანთი ზნეობრივი ნორმები ჰქონდათ, რომლის დარღვევაც სირცხვილად ითვლებოდა - სამარცხვინო იყო მოხუცზე, ბავშვსა და დედაკაცზე შურისძიება, უიარაღოსთან შებრძოლება და სხვა.
ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია პოეტ ანა კალანდაძის მოგონება, რომელიც დუისში პანკისელ ქისტებთან მის შეხვედრას უკავშირდება. პოეტის ერთ-ერთ ლექსს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი ხევსურთა და ქისტთა ურთიერთობიდან. ერთხელ სოფ. ამღას ქისტის ლაშქარი დასცემია. შინ მარტო ყოფილა ქარჩათ ქალი ბუბა, რომელსაც მამის ტალავარი ჩაუცვამს, ხმალი აუღია და მტერს შებმია. უთანასწორო ბრძოლაში ბუბა დაღუპულა. ჩაჩქანი თავიდან მოსძრობია და თმები გადმოშლია. ქისტებს რომ დაუნახავთ, ვისთან ჰქონიათ საქმე, მკვდრისთვის დიდი პატივი მიუგიათ: ხმალი და ჩაჩქანი მის გვერდით დაუწყვიათ და ისე დაუტოვებიათ. ქისტებში თურმე დიდ პატივად ითვლებოდა, თუ ისინი მოკლულს თავიანთ მკვდრებს არ შესწირავდნენ. სწორედ ქისტების ეს ვაჟკაცური საქციელი დააფასეს ხევსურებმა.
პანკისელ ქისტებში ანა კალანდაძის ამ ლექსს დიდი მოწონება ხვდა წილად. პოეტს დუისელ ქისტებთან აღუნიშნავს, რომ ქისტებისადმი ამაღლებული გრძნობა სწორედ ხევსურებმა შთამაგონესო. იგი შენიშნავს, რომ -მიუხედავად იმისა, რომ მთიელთა შორის შუღლსა და მტრობას თავისი წესები ჰქონდა, მოწინააღმდეგე ისე არ დაბრმავდებოდა, რომ მტრის კარგი არ შეეცნო, მისი ვაჟკაცობა არ დაენახა და არ ეღიარებინა. ეს ბადებდა ურთიერთპატივისცემის გრძნობას, რაიც მტერს მტრის მიმართ უკადრისს არ გააკეთებინებდა, ადამიანურ ღირსებას არ დააკარგვინებდა”.
გამოუქვეყნებელ საარქივო მასალებში, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა და ვაინახთა სამეზობლო ურთიერთობებს ეხება, მრავლად არის ასეთი სულისკვეთებით გამსჭვალული შემთხვევები, როდესაც დაპირისპირებული მხარეები ადათ-წესებს ვერ ღალატობენ, ერთმანეთს გამორჩეულ ვაჟკაცებს უკლავენ, მაგრამ თან აფასებენ მათ სახელს და ენანებათ კიდეც მოკლული.
როგორც ცნობილია, სისხლის აღების ადათი, საუკუნეთა განმავლობაში შემუშავებული ტრადიციული ქცევის ნორმაა, რომლის შეუსრულებლობაც ნეგატიურ სანქციებს იწვევს. ადათი გულისხმობს იძულებას ღირებულებათა აღიარებაში და სიტუაციის განსაზღვრაში. ის გარკვეულ სიტუაციაში ავალდებულებს ჯგუფის ცალკეულ წევრებს დაიცვან ქცევის ნიმუშები ამ ღირებულებათა მიმართ. ადათის უგულებელყოფა, დარღვევა, შეუსრულებლობა, ძირს უთხრის ჯგუფის შინაგან შეკავშირებულობას. ასეთ შემთხვევაში ჩნდება დაპირისპირება ჯგუფის შიგნით - ჯგუფის წევრებსა და ადათის დამრღვევს შორის. ამიტომ ტრადიციის დამრღვევნი მოკვეთილნი არიან იმ საზოგადოებისაგან, რომელსაც უპირისპირდებიან. ასეთი მაგალითები ქართველ და ვაინახ მთიელთა ყოფაში მრავლად მოიპოვება.
როდესაც ქართველ მთიელს ქისტი ნათესავს მოუკლავდა და პირიქით, ეს უკანასკნელი, პირველ რიგში, თავს ვალდებულად თვლიდა, სამაგიერო გადაეხადა მტრისთვის. მაგრამ, თუ ერთი მხრივ, ამ აგრესიულ ქცევას განაპირობებდა ტრადიცია, მეორე მხრივ, ინდივიდი ისწრაფოდა სახელის მოხვეჭისათვის. ეს იყო მთიელთა წარმოდგენაში მორალური ღირებულების - ვაჟკაცობისა და სიმამაცის რეალიზაციის ერთ-ერთი საშუალება. სისხლის აღება გარკვეული სიძნელეებისა და წინააღმდეგობების დაძლევასთან იყო დაკავშირებული, რაც ინდივიდს უქმნიდა პირობებს მაქსიმალურად გამოევლინა მთიელთა მიერ აგრერიგად დაფასებული ღირსებები.
ხევსურულ ანდრეზებში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ რაბელც არხოტივნებმ იცოდეს სახელის გულისად სამზირ წასვლაიდ ღილღვლების ხოცაი აისრავ ღილღვლებმაც იცოდეს. ვინაც ვაჟკაცობაზე დებდ თავს, ის შახყრიდ მზირს, გამაუძღვებოდ, ჩაუსაფრდებოდ გზაშიად - მახკლევდ არხოტიონს. არც არას წაიღებდ, ხოლოთ წავიდოდად - სახელ დასჩებოდ - მავიდოდ ხალხი, სახელს მაულოცებდეს. აი ამისად ხოცდეს ერთუცს არხოტივნებიდ ღილღვლები.
ეს სახელიანობის სურვილი, თან სიმღერები - სახელის მოლოცვა ქალებისგან, ქება და კარგად ხსენება, უფრო მეტად ბადებდა კაცის მოკვლის და სახელის ქმნის მოთხოვნილებას ახალგაზრდებში და ამის გამო ხშირად ისინი ,,საწადინოდ და სალაღ-სანებივროდ ნადირობდნენ ერთმანეთზე.
მესისხლეობა ქართველ მთიელებსა და ქისტებს შორის ზოგჯერ ისეთ ფორმას იღებდა, როდესაც უკვე აღარ არჩევდნენ მტყუან-მართალს, დამნაშავესა და უდანაშაულოს და განურჩევლად ხოცავდნენ ერთმანეთს. მაგალითად: ,,იქამდისაც კი მივიდ იმათ საქმე, რო გზაში შაყრილ ჯიხვს კი შაიძლება გაუშობდ კაცი თოფის დაუკრავად, ღილღველიდ-არხოტიონი კი ერთუცს არ გაუშობდ გზაში შაყრილს - მაუკლავად; ერთუცს თუ ღნახევდეს, მეტ აღარ უნდოდ, რომელიც დაასწრობდ დახკრევდ თოფს. ყარაულობდეს ერთუცის სავალ გზებს, დაუდიოდ მზირი, უსხდებოდეს გზაში ერთუცსად - ხოცდეს ნადირივით“. ვისაც ვალი ჰქონდა, ის ხომ მაინც ეძებდა კაცს მოსაკლავად, ვინც უნდა შეხვედროდა - მოკლავდა, ოღონდ მოწინააღმდეგე ყოფილიყო; ვისაც ვალი არ ჰქონდა - ისინი სახელის გულისთვის ხოცავდნენ - ,,სხვები ხოცენ და თავს ისახელებენო, რაით არიან ჩემზე მეტნიო! მე რატომ არ უნდა ვქნა სახელიოასე რომ, უდანაშაულოდ კლავდნენ მტრული ეთნიკური ჯგუფის ნებისმიერ წევრს.
იმდენად, რამდენადაც სისხლის აღების აქტი მთიელთა მენტალობაში სახელის მოხვეჭასთან ასოცირდებოდა, ზოგჯერ ამგვარი ქმედების თავდაპირველი მიზანი - შურისძიება, უკანა პლანზე გადაიწევდა და წინაურდებოდა მისი როლი, როგორც ზნეობრივი ღირებულების რეალიზაციის საშუალებისა. ამ დროს მტრის ხატი ასოცირდებოდა ეთნოსთან; ქართველი მთიელისთვის ის ქისტის სახეში იყო განხორციელებული, ვაინახისათვის კი შესაბამისად - ქართველი მთიელის სახეში. თითოეული ეთნოსოციალური ჯგუფი მეორეს განიხილავდა როგორც მოწინააღმდეგეს, დაპირისპირებულ მხარეს, მტერს, და მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გააჩნდა. მტრული დამოკიდებულება კი, როგორც ცნობილია, კონფლიქტური ქცევის გამოვლენის წინასწარი განწყობაა.
მესისხლეობის ტრადიცია განაპირობებდა დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის იმგვარ კონფლიქტებს, რაც თაობებით გრძელდებოდა. ხშირ შემთხვევაში ის ინტერჯგუფურ კონფლიქტად ყალიბდებოდა, რის მაგალითსაც საკვლევ რეგიონში ფართოდ გავრცელებული ლაშქრობები წარმოადგენს.
თუ ბასის კლასიფიკაციას დავეყრდნობით, ქართველ და ვაინახ მთიელთა სისხლით შურისძიების ფორმით რეალიზებული აგრესიული ქცევა ფიზიკურ-აქტიურ-პირდაპირ ტიპს მიეკუთვნება. თუმცა გვხვდება ფიზიკურ-აქტიურ-არაპირდაპირი აგრესიის ტიპიც. ამ უკანასკნელში ვგულისხმობთ აგრესიული ქცევის ისეთ ფორმას, როდესაც შურისძიება ხდება უდანაშაულო ადამიანებზე, ანუ როცა შურისძიება ერზაც-ობიექტებისკენ არის მიმართული.
დღეს სისხლ-მესისხლეობის ჩვეულება განსაკუთრებული კონსერვატულობით გამორჩეულ მთიელთა საზოგადოებებში არის შემონახული. ამ ინსტიტუტის გვიანობამდე შემონახულობა განისაზღვრება უპირველესად იმით, რომ ის ჯგუფის კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ელემენტია. კულტურული მემკვიდრეობა კი სისტემების ის ნაწილია, რომელიც მომდევნო თაობებს გადაეცემა და დროის გამოცდას უძლებს. იგი ჩვეულებრივ იდეალიზდება, ნაკურთხი ღირებულებების, სიმბოლოების კომპლექსად იქცევა და ემოციურ დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომაც ხდება იგი ჯგუფების ინტეგრაციის, მათი გაერთიანების, სიმტკიცისა და სიმყარის ფაქტორი.
კაცობრიობამ ისტორიული განვითარების პროცესში გამოიმუშავა ერთხელ ჩამოყალიბებულ მატერიალურ და სულიერ ფასეულობათა თაობიდან თაობაში მემკვიდრეობით გადაცემის მექანიზმი, ყოველი წინა მომდვნო თაობას აღზრდის გზით გადასცემს გარკვეული მოცულობისა და შინაარსის კულტურას, ყოველი თაობა აქტიურად ითვისებს ძველი თაობების მიერ დაგროვილ კულტურულ მემკვიდრეობას.1 და მიუხედავად იმისა, რომ ყველა კულტურაში არსებობს ჩრდილოვანი, საპირისპირო განწყობები, მათ შორის ანტისაზოგადოებრივიც, ინდივიდი, რომელიც კონკრეტული კულტურის ჩარჩოებში რჩება, იძულებული ხდება მიიღოს იგი.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დღეს სისხლ-მესისხლეობის ჩვეულება მისთვის შეუფერებელ სოციალურ გარემოში განაგრძობს არსებობას, ანუ აქ აღარ მოქმედებს ცენტრის მიერ სუსტად კონტროლირებადი ჩამორჩენილი პერიფერიული საზოგადოებების ფაქტორი, რაც, ჩვეულებრივ, მეცნიერთა მიერ ამ ტრადიციის არსებობისათვის აუცილებელ გარემოებად არის მიჩნეული. ჩანს, რომ სისხლ-მესისხლეობის იმუნიტეტის სიმყარის მიზეზები, გარდა კულტუროლოგიური ასპექტებისა, ეთნიკური ფსიქიკის სიღრმეებში უნდა ვეძებოთ.
. მალინოვსკი აღნიშნავს, რომ იმპულსის დაკმაყოფილება ან განზრახვის ასრულება მუდმივი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორია, რომელიც მართავს ადამიანთა ტრადიციულად დადგენილ ქცევას. სისხლ-მესისხლეობის ტრადიცია სწორედ შურისძიების იმპულსთან მიმართებაში უნდა გავიაზროთ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოქმედ ადამიანთა მემკვიდრეობითი იმპულსის შესახებ სოციოლოგები აღნიშნავენ, ეს იმპულსი იმდენად ძლიერია, რომ ვერანაირი ძალდატანება, აკრძალვა, თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან, ამ იმპულსით გამოწვეულ მოქმედებას ვერ შეაჩერებს, ვერ მოერევა. ამ ტიპის იმპულსი ქართველთა და ვაინახთა ფსიქოლოგიური წყობის სპეციფიკას და საკვლევ რეგიონში მესისხლეობის ტრადიციის შემონახულობას განაპირობებს.

No comments:

Post a Comment